ევრობანკის ობლიგაციები ”საქართველოს ბანკსა” და ”თიბისი ბანკს” გაუნაწილდათ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 50 მილიონი ლარის ღირებულების ორწლიანი ობლიგაცია თანაბრად იქნება განაწილებული ორ წამყვან ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტს, სს "ბიჯი კაპიტალსა" ("საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია) და "თიბისი ბანკს" შორის, რომლებიც იმოქმედებენ, როგორც წამყვანი მენეჯერები და ტრანზაქციის გარანტორები.

EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიან განაკვეთზე. ამ დროისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 4,3 პროცენტს, თუმცა, როგორც ორივე ბანკის წარმომადგენლებმა განმარტეს, განაკვეთი ყოველ სამ თვეში ერთხელ გადაიხედება.

ეროვნული ბანკის ცნობით, მცურავი საპროცენტო განაკვეთის ფასიანი ქაღალდი საუკეთესო მექანიზმია ბანკების ლიკვიდურობის მართვისთვის.