თბილისის მერის მოადგილის, ნინო ხატისკაცის ინფორმაციით, დაანონსებული მილიონი ხიდან დედაქალაქის მასშტაბით 700 000 ნერგი უკვე დარგულია.
როგორც ხატისკაცმა განაცხადა, დარგული ნერგების უდიდესმა ნაწილმა გაიხარა.
ამასთან, მისივე თქმით, ხის გახმობის შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, ის ახალი ნერგით ჩაანაცვლოს.
„კონტრაქტორს ვალდებულება აქვთ მოვლის და 100%-იანი ჩანაცვლების. ჩანაცვლებას თავისი დრო აქვს. ჩანაცვლებისთვის უნდა იყოს შესაბამისი სეზონი და კლიმატი. აქედან გამომდინარე, თუ კონტრაქტის ვადა გასული არ არის, 2-3 წლის მანძილზე თითოეული გამხმარი ხის ნერგი ჩანაცვლდება.
ნერგების 70-80%-ის გახარება არის იდეალური, თუმცა ხმობა 2-3 წლის მანძილზე ხდება. ასე რომ, ამ წლების განმავლობაში კონტრაქტორები გამხმარ ნერგებს ახლით ცვლიან“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამხმარი ნერგების ჩანაცვლება სახელმწიფოს ხარჯზე არ ხდება. როგორც მისთვის არის ცნობილი, ამ მიზნით თბილისის მერიასა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის სამწლიანი კონტრაქტები არსებობს, რათა თითოეული გამხმარი ნერგის შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება მოხდეს.