თბილისის იმ მონაკვეთებში, სადაც საგზაო სატრანსპროტო შემთხვევები მომატებულია, 18 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება , - ამის შესახებ “ინტერპრესიუსს“ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების უფროსმა დემურ კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალი შუქნიშნების დამონტაჟება სხვადასხვა მონაკვეთზე იგეგმება, მათ შორის არის კახეთის გზატკეცილი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი.
„ამჟამად დედაქალაქში განთავსებულია 237 შუქნიშანი, აქედან 180 ჩართულია ავტომატურ მართვის სისტემაში, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანია, რომელიც გზაჯვარედინზე მოძრაობას ნაკადების მიხედვით არეგულირებს. 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 18 ახალი შუქნიშნის დამონტაჟება. შუქნიშნები დამონტაჟდება ისეთ ადგილებში, სადაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები მომატებულია. სამწუხაროდ, ჩვენ დედაქალაქში არც მძღოლები და არც ქვეითად მოსიარულეები არ იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეითად მოსიარულეებს გზაზე გადასვლა გაუადვილდეთ“, - განაცხადა დემურ კვირიკაშვილმა.