ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, გაერო-ს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
”ეიპიემ ტერმინალსის” გენერალური დირექტორის, კლაუს ჰოლმ ლოურენსიის თქმით, აღნიშნული ინიციატივა განაპირობებს მომავალში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მხარეების განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზღვაო სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, ფოთის პორტის საქმიანობას, ასევე სატრანსპორტო, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ქონებისა და შესაბამისი კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
,,დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თითქმის ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც განაპირობებს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მომავალში. კომიტეტის პირველი ამოცანაა, უზრუნველყოს სატვირთო ატომანქანების საქართველოს სტანდარტების შესაბამისად მოძრაობა. მძღოლებს, ტვირთმფლობელებს, გადამზიდავ ხაზებს, ნავსადგურს, სამართალდამცავ ორგანოებს, ქალაქის მუნიციპალიტეტს, ასევე მოსახლეობას ამოძრავებს ერთი ინტერესი, რაც გულისხმობს უსაფრთხო საგზაო მოძრაობას ქალაქში. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება ქალაქში და ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ კლაუს ჰოლმ ლოურენსმა.
ფოთის საზღვაო ნავსადგური გაერო-ს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში გუშინ ჩაერთო. საერთაშორისო სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები იმართება, რომელიც 1 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველოსთვის პირველ კერძო ინიციატივაში, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ 500-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მონაწილეობს.