ლარის კურსის ანატომია - ინტერვიუ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

ლარის კურსის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. დაზუსტებით არავინ უწყის, რატომ ირყევა ეროვნული ვალუტა ისე, როგორც ირყევა და რა ლოგიკას მიჰყვება ქართული ვალუტის ფასწარმოქმნის მექანიზმი.   საზოგადოებისთვის რომ უფრო გასაგები გახდეს, როგორ და სად დგინდება ლარის კურსი და რამდენად ღიაა ლარით ვაჭრობა, bpn.ge ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს ესაუბრა.

კითხვა: ეროვნულმა ბანკმა თებერვალში პირველად დიდი პერიოდის განმავლობაში გაამკაცრა რეფინანსირების განაკვეთი მაშინ, როცა თითქმის წელიწადნახევრიანი დეფლაცია იანვარში ჯერ ისევ -0.1%-ზე იდგა. რამდენად ადეკვატურია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, როცა დეფლაციაა დასაძლევი, და როგორ აპირებთ წლის ბოლოს 6%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას? მოსალოდნელია თუ არა კურსის შერბილება?

პასუხი: მონეტარული პოლიტიკის ცვლილება ეკონომიკაზე აისახება არა მყისიერად, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის ფორმულირება ხდება არა ქვეყნის მიმდინარე ინფლაციის დონის მიხედვით, არამედ საპროგნოზო მაჩვენებლის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც გამოიხატება რეფინანსირების განაკვეთის ზრდით, ხოლო ინფლაციის დაბალი საპროგნოზო მაჩვენებლის შემთხვევაში, გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას გულისხმობს. შესაბამისად, თებერვალში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეფასებულ იქნა მიმდინარე პროგნოზები და ეკონომიკური პროცესები. არსებული პროგნოზების მიხედვით, შეფასდა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა მკვეთრად შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება და მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის შესახებ. ანუ, ამ ეტაპზე განაკვეთის გაზრდა არა პოლიტიკის გამკაცრებას, არამედ მკვეთრად შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის დაწყებას ნიშნავს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დეფლაციური პროცესები, ანუ ფასების საერთო დონის კლება ოქტომბერში შეწყდა. თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენდა. საშუალოვადიან პერიოდში, სწორედ წლიური ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოება წარმოადგენს ეროვნული ბანკის მთავარ მიზანს.

კ: ბატონო არჩილ, ლარით ვაჭრობა სხვა ვალუტების მსგავსად, ბლუმბერგის სისტემაში ხდება. როდის გადავიდა ლარი ამ სისტემაში, რა იყო მოტივი, და რა უპირატესობას გვთავაზობს ეს სისტემა?

პ: ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის გამოყენება საქართველოში სავალუტო გარიგებებისათვის 2009 წლიდან დაიწყო. ამ სისტემაში სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობა 24 საათის განმავლობაში, დროის რეალურ რეჟიმში არის შესაძლებელი. ვალუტით ვაჭრობის ეს მეთოდი არის პროგრესული, თანამედროვე, არ არსებობს ტრანზაქციის დამატებითი ხარჯები, ლარის ნაწილის ანგარიშსწორება ხდება ავტომატიზირებულ რეჟიმში, რაც გამორიცხავს ოპერაციულ რისკებს, არ საჭიროებს დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას ან დამატებით სერვერებს და სხვა. კომერციული ბანკისთვის ასევე არ არის დამატებითი მომსახურების ხარჯები ბლუმბერგის ტერმინალის გამოყენებით ვალუტით ვაჭრობისას. საქართველოს გამოცდილების გაზიარების შემდეგ ბლუმბერგის სისტემაზე გადასვლა და შესაბამისად, საბირჟო ვაჭრობის სისტემაზე უარი რეგიონის სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც მოხდა. შედარებისათვის, ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ დღეში ერთხელ იმართებოდა და ყველა ბანკი ერთი კურსით ვაჭრობდა. ამ სისტემაში მხოლოდ კომერციული ბანკები იყვნენ ჩართული.

კ: არასაბანკო, მაგრამ ფინანსური ბაზრის წარმომადგენლები, ანალიტიკოსთა ნაწილიც ამბობს რომ ბანკთაშორისი ლოკალური ბირჟის გაუქმების და ბლუმბერგის სისტემაში გადასვლის შემდეგ, ლარის კურსის ფორმირება გაუმჭვირვალე გახდა, რადგან ბანკების გარდა, არავის აქვს პირდაპირი წვდომა. რამდენად ხელმისაწვდომია ბლუმბერგის პლატფორმაში ლარით ვაჭრობისთვის თვალყურის მიდევნება ბანკების გარდა სხვა დაინტერესებული პირებისთვის?

პ: უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საბირჟო ვაჭრობის პირობებში დახურული სისტემა იყო და მხოლოდ კომერციული ბანკები იღებდნენ მონაწილეობას ბანკთაშორის სავალუტო სავაჭრო პროცესში. შედარებისთვის, ბლუმბერგის სისტემაში ვაჭრობა შეზღუდული არ არის. ნებისმიერ საფინანსო დაწესებულებას, რომელსაც აქვს ბლუმბერგის ტერმინალი, შეუძლია მისი მეშვეობით ვაჭრობა, ან პროცესზე დაკვირვება. მაგალითად, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული ინტერესი არასაბანკო საფინანსო დაწესებულების მხრიდან ბლუმბერგის პლატფორმაში ჩართვის კუთხით, რასაც სებ-ი მხოლოდ მიესალმება.

მათთვის, ვინც ბლუმბერგის სისტემაში არ არის ჩართული, ბლუმბერგის სისტემაში დადებულ გარიგებებზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი გაიანგარიშებს და ყოველდღიურად საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ინტერნეტში http://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR მისამართზე არის ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე კურსი, რომელიც ბანკების ქვოტირებებს ეფუძნება.

კ: საფინანსო ბაზრის [არასაბანკო] წარმომადგენლები, საბროკერო კომპანიები აცხადებენ, რომ კარგი იქნებოდა,  ისევ დაიშვას ლოკალურად სავალუტო ვაჭრობა, ვთქვათ,  საქართველოს ბირჟის ფარგლებში; რომ ამგვარად ლარის კურსის ფორმირების პროცესი გამჭვირვალე გახდება და ამ თემით სპეკულირებას საფუძველი გამოეცლება. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ეს იდეა?

პ: ლარის კურსის ფორმირების პროცესი სრულად გამჭვირვალეა და მსოფლიოში მიღებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული სავაჭრო სისტემის,  ბლუმბერგის მეშვეობით, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით გაცვლითი კურსის ფორმირებას; ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით ვაჭრობა არ არის შეზღუდული, სავაჭრო პლატფორმის არჩევისას ბაზრის მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ. რა თქმა უნდა,  ისინი ირჩევენ ისეთ პლატფორმას, რომელიც არის უფრო მოსახერხებელი, იაფი და საიმედო. ნებისმიერი საფინანსო თუ არასაფინანსო კომპანია ან კერძო პირი სრულიად თავისუფალია არჩევანში თუ სად ივაჭროს უცხოური ვალუტით.

კ: როგორც ვიცი, ზოგიერთმა საბროკერო კომპანიამ სცადა ლიცენზიის მიღება სავალუტო ოპერაციების განხორციელების მიზნით საქართველოს ბირჟაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა არ გასცა ნებართვა. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ბირჟის მოთამაშე, საბროკერო, რომ გაიცეს ასეთი ნებართვა?

პ: ზოგადად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სავალუტო ოპერაციების წარმოება არ არის ლიცენზირებადი საქმიანობა, ანუ ამ ოპერაციების განხორციელება არ საჭიროებს ლიცენზირებას.

კ: თუ საქართველოს ბირჟაზე მოთხოვნა არ დაფიქსირდა სავალუტო ოპერაციებზე, განიხილავთ თუ არა შესაძლებლობას,  რომ ქართული არასაბანკო ინსტიტუტები, საბროკერო კომპანიები ან საინვესტიციო ბანკები დაიშვან ბლუმბერგის სისტემაში ვაჭრობაზე?

პ: ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ყოველგვარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის ტერმინალის ხელმოწერის შეძენა.