ევროპა გაზის მოხმარებაში რუსეთის წილს 16%-მდე 2018 წლისთვის შეამცირებს

”გაზპრომი” ევროპელ კლიენტებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბუნებრივ აირზე ფასდაკლებას სთავაზობს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა ”ვედომოსტი” ”გაზპრომთან” დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული ფაქტი მედიასაშუალებას ევროპულ კომპანიებშიც დაუდასტურეს, თუმცა, დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავეს. ძირითადი ცვლილება, სავარაუდოდ, გადახდის წესს შეეხება, რომელიც ”აიღე და გადაიხადეს” პრინციპით მუშაობდა. თუმცა, კომპანიებში იმასაც აცხადებენ, რომ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მიმწოდებელი ფასების გადახედვას გამუდმებით ახორციელებს.

”ოფიციალური კომენტარისგან თავად”გაზპრომმა” თავი შეიკავა. კომპანიის აქტივობა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მოსალოდნელ სანქციებს, რომელთა დაწესებაზე მსჯელობას უკვე დღეიდან დაიწყებენ”, - წერს ”ვედომოსტი”.

როგორც რუსული გაზეთი იუწყება, ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგ გერმანული კომპანიების- ”Wintershall” და ”E.On” - ხელმძღვანელები, გამოვიდნენ. ”Wintershall” -ის დირექტორმა, რაინერ ზელემ განაცხადა, რომ აკრძალვები უარყოფითად არა მარტო რუსეთზე, არამედ გერმანიასა და მთლიანად ევროპაზეც აისახება. ”ჩვენს ეკონომიკებს შორის არსებულმა ორმხრივმა ნდობამ და ურთიერთობამ განაპირობა, რომ დღეს 6 ათასამდე გერმანული კომპანია რუსეთში მუშაობს”, - დასძინა, თავის მხრივ, კომპანია E. On მმართველმა, იოჰანეს ტეისენმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”Fitch Ratings” კი მიიჩნევს, რომ ევროპამ შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და ”გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის შესყიდვა შეამციროს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რუსული კომპანიის მიწოდებულმა ენერგომატარებლებმა დასავლეთ ევროპასა და თურქეთში იმპორტის 30% შეადგინა.

”რუსეთთან საერთაშორისო დიპლომატიურმა დაპირისპირებამ შესაძლოა, შეცვალოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის ტრადიციული ამოცანა იყო ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირების დივერსიფიკაცია ახალი მილსადენების ხარჯზე და არა თავად ბუნებრივი აირის წყაროების”, - აღნიშნულია Fitch-ის კვლევაში.

ამ მოსაზრებას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიტის განცხადება, რომ ”თუ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება, ევროპის ქვეყნები დროთა განმავლობაში რუსეთთან ენერგეტიკული და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ მიდგომებს შეიმუშავებენ”. 

Fitch წერს, რომ დასავლელი ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებენ, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეასუსტონ, თუმცა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ”გაზპრომს” არაფრის უნდა ეშინოდეს, - მის ჩასანაცვლებლად ამ ეტაპზე ევროპელებს ძალა არ შესწევთ.

”ეხლანდელი კრიზისის გამო ”გაზპრომი” და უკრაინული ”ნეფტოგაზი” მხოლოდ გრძელვადიან ჭრილში წააგებენ. იმავდროულად, ამ სიტუაციამ შეიძლება, რუსულ ”ნოვატეკას” ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებების პროცესში ხელი შეუშალოს, რადგან აღნიშნული კომპანიის პროდუქციის, თხევადი აირის ნაწილი სწორედ ევროპაში უნდა გასულიყო ექსპორტზე”, - აღნიშნავენ სააგენტოს ანალიტიკოსები.

ამავე დროს სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ”გაზპრომს” გასაღების ალტერნატიულ ბაზრად ჩინეთი რჩება. ამის შესახებ თავად კომპანიის ხელმძღვანელებმაც უკვე არაერთხელ განაცხადეს.

”ამ კონფლიქტში ევროპული კომპანიები BP, Shell და Total მოიგებენ: პირველი მონაწილეობს აშშ-ის ხელისუფლების დაგეგმილ თხევადი გაზის ექსპორტის პროექტებში, რომელზეც სამუშაოები 2014-2015 წლებში დაიწყება. BP აზერბაიჯანულ ”სოკართან” ერთად ”შაჰ-დენიზის” გაზის საბადოს ათვისებას 2018 წლიდან იწყებს. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ბუნებრივი აირის პირველი მიწოდება საქართველოსა და თურქეთისთვის, 2019 წელს კი 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპისკენ გაემართება. Shell-სა და Total-ს კი, საშულება ეძლევათ, ევროპაში ფიქალის გაზის ათვისებაზე იფიქრონ”, - წერს რუსული გამოცემა.

ანალიტიკოსების განცხადებით, ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა შესაძლოა, სწორედ აშშ-ის თხევადი გაზის სექტორის განვითარებამ უზრუნველყოს. თუ აშშ-ში დაგეგმილი ქარხნების მშენებლობის 37-ვე პროექტი ექსპორტზე იქნება მიმართული, მათი გამომუშავებული ენერგია (წელიწადში 273 მილიონი ტონა) ევროპელების მთლიანი მოთხოვნის 68%-ს დააკმაყოფილებს.

”მიუხედავად ამისა, ამერიკული გაზი მთლიანობაში ”გაზპრომს” ვერ ჩაანაცვლებს. რეალურად, რუსული ბუნებრივი აირის წილი ევროპაში 2018 წლისთვის 16%-მდე შემცირდება”, - მიიჩნევენ Fitch-ის ანალიტიკოსები.