სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას , ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან, დეკანოზ მიქაილ ბოტკოველთან ერთად საქართველოს რეგიონებში გავრცელებული ვაზის ნერგები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს მარანსაც იშვიათი ვაზის ნერგები გადასცა, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, მარნის ტერიტორიაზე გაშენდა.
”აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის აპრილში გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.