საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ფარგლებში გამართული ბიზნესსაბჭოს მუშაობაში და საბჭოს წევრებს, ასევე დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.
BSEC-ის მე-4 მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ორგანიზაციის წევრებს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას არასატარიფო ბარიერების შემცირების გზით.
BSEC 1992 წელს შეიქმნა და აერთიანებს შავი ზღვის რეგიონის 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკას, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკას, რუმინეთს, სერბეთს, ბულგარეთის რესპუბლიკას, ალბანეთის რესპუბლიკას, საბერძნეთის რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას.