მარნეულის 3 სოფლის მოსახლეობა შესაძლოა გაზის გარეშე დარჩეს. საუბარია პირველი ქესალოს, მეორე ქესალოსა და კაპანახჩის მოსახლეობაზე.
ამის მიზეზი სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ წინაშე შპს „გაზტრანს სერვისის” ( ყოფილი „ბორჩალო +“) დავალიანებაა.
სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ ცნობით, შპს „გაზტრანს სერვისს” 15 მაისიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა შეუწყდება.
„შპს „გაზტრანს სერვისს” სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ წინაშე 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია შპს „გაზტრანს სერვისის” მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით. დღეის მდგომარეობით შპს „გაზტრანს სერვისის” დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა, შპს „გაზტრანს სერვისს” არ მიუღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის № 114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, შპს „გაზტრანს სერვისს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 15 მაისიდან. მივმართავთ შპს „გაზტრანს სერვისის” ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება,“ - ნათქვამია „სოკარ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში (სემეკი) განუცხადეს, ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და შპს „გაზტრანს სერვისის“ მხრიდან პასუხს ელიან.