სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კვლევებზე დაყრნობით აცხადებენ.
ცენტრში დღეს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრები, სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევებზე დაყრნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სიჩქარე საგზაო ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ასევე, ავტომობილის სიჩქარის ზრდის პროპორციულად იზრდება სიკვდილის და დაშავების რისკი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გოგიტა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
”შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია დაახლოებით 27 აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე, საავტომობილო პარკის გაუმჯობესებას. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გეგმაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი აქტივობები. მთელი რიგი აქტივობებია, რომელთა განხორციელებით ვფიქრობთ, ხელი შეეწყობა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა გოგიტა გვენეტაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მთავარი გზავნილია ”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე”. მისივე შეფასებით, ეს ეხება არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ გზავნილი ხელისუფლებისკენაც არის მიმართული.
”ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სიჩქარის ლიმიტების შემცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის უსაფრთხოებისკენ. ტექნიკური დათვალიერების დროულად წარმოება, საგანმანათლებლო კამპანიის დაწყება სკოლამდელი ასაკიდან, ავტოსკოლების ლიცენზირება და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა იმისთვის, რომ აღარ დაგვეღუპოს 600 ადამიანი წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
გაეროს ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული წელს 8-14 მაისს აღინიშნება. მისი თემატიკა სიჩქარის კონტროლია. კვირეულის გზავნილია ”შეანელე სვლა, გაუფრთხილდი სიცოცხლეს!”.