თბილისში ველოტრასები წელს ორ ადგილზე მოეწყობა

თბილისში ველოტრასები წელს ორ ადგილზე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.

როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, ერთ-ერთი, დაახლოებით 8 კმ-იანი ველოტრასა დედაენის ბაღიდან დაიწყება, მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა და წრიული იქნება. კერძოდ, ველოტრასა დედაენის ბაღიდან დაიწყება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაყვება, შემდეგ ველოტრასა ვახუშტის ხიდზე გადავა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაგრძელდება. ზაარბრიუკენის მოედნიდან კი დედაენის ბაღში ჩავა. იქედან შესაძლოა ტრასა რიყემდე გაგრძელდეს. ველოტრასაზე ასევე დაგეგმილია ორი შუქნიშნის დადგმა და რამდენიმე ადგილზე ველოსადგომების მოწყობა. კერძოდ, დედაენის ბაღში, რიყესა და ზაარბრიუკენის მოედანზე.

„აღნიშნული ველოტრასის მოწყობის სამუშოები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ თვენახევარში დასრულდება, დაიხაზება და მზად იქნება. ველოტრასის მოწყობა რამდენიმე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ფინანსდება. ასე რომ, ცალკე მისი ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის. კერძოდ, აღნიშნულ ტრასაზე ორმოულ შეკეთებას კეთილმოწყობის სამსახური განახორციელებს, ველობილიკის დახაზვა სხვა პროგრამიდან მოხდება, ასევე სხვა პროგრამიდან დაფინანსდება ორი შუქნიშნის დადგმა. საბოლოო ჯამში, ველოტრასის მოწყობის ბიუჯეტი ეკონომიური იქნება“, - აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.

მათივე თქმით, პროექტს მათთან ერთად თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს.

ამასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მეორე ველოტრასა, შედარებით პატარა, 1,2კმ სიგრძის მირიან მეფის ქუჩაზე გაკეთდება.

„ველოტრასა ტროტუარზე მოეწყობა ანუ 3 მეტრიანი სიგანის ტროტუარის გაყოფა მოხდება, რომლის ნაწილზე ველოტრასა გაკეთდება. სამუშაოები დაწყებულია. მთლიანად მირიან მეფის ქუჩაზე გზის საფარის დაგება და ტროტუარების მოწყობა 18 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. შემდეგ იქ ველოტრასების დახაზვა მოხდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა მირიან ჯანგავაძემ.

მისივე თქმით, ველოტრასა მირიან მეფის ქუჩის ნაწილზე მოეწყობა, იმ ადგილამდე, სანამდე ასეთი ტრასის მოწყობა შესაძლებელია.