„რეზონანსი" - "ეს არის დავალება, რომ ხელოვნურად შეამცირონ ბანკების რაოდენობა"

ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ქვეყანაში ამდენი კომერციული ბანკი საჭირო არ არის და მათი რაოდენობა 5-7-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამჟამად საქართველოში 16 ბანკია და მათი გამესამედება კონკურენციას შეამცირებს, ხოლო მომსახურებას გააძვირებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომერციული ბანკების ოლიგოპოლიას ხელს ეროვნული ბანკი უწყობს, რომელმაც, შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად დააჩქაროს.

"თიბისის" შემდეგ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ბანკების რაოდენობა 16-დან 5-6-მდე უნდა დავიდეს. კახა კიკნაველიძის აზრით, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ბაზრიდან წვრილი ფინანსური ორგანიზაციების გაქრობა.

"მინიმალური კაპიტალის ზღვარი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ალბათ მომავალში იგი კიდევ უფრო მოიმატებს. ვფიქრობ, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის 5-6 ბანკი უკვე საკმარისი დონის კონკურენციაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ორი მსხვილი ბანკია, რომლებიც ბაზრის წილის 65%-დან 70%-მდე ფლობენ, კონკურენცია საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალია. ეს იგრძნობა ბაზარზე შეთავაზებებით და იმ საპროცენტო განაკვეთების ტრენდით, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში განაკვეთებმა, საშუალოდ, 5%-ზე მეტით დაიკლო", - განუცხადა "საქმის კურსს" კახა კიკნაველიძემ.

გამოიწვევს თუ არა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე ზრდა მცირე ბანკების ბაზრიდან გაქრობას, კიკნაველიძე აცხადებს, რომ შეიძლება გამოიწვიოს კიდეც, მაგრამ ეს სერიოზული ბარიერი არ იქნება საბანკო სექტორისთვის.

მსხვილი კომერციული ბანკების თამამ განცხადებას ეროვნული ბანკის სისუსტეს მიაწერს საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი დავით ასლანიშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, სებ-ი პროცესს ხელოვნურად დააჩქარებს და არჩევანს საბანკო ოლიგოპოლიის სასარგებლოდ მიიღებს.

"კომერციული სტრუქტურების მხრიდან მსგავსი განცხადებები ეროვნული ბანკის სისუსტეზე მიუთითებს. სებ-ის საბოლოო არჩევანი ყოველთვის ოლიგოპოლიის სასარგებლოდაა. საქართველოს ფინანსური სისტემის მთავარი გამოწვევა სწორედ ოლიგოპოლიაა, რადგან ფინანსური ტრანსმისიის მთავარი ხელის შემშლელი არის მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები (და არა დოლარიზაცია, როგორც ამას ამტკიცებს ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით).

იმის გამო, რომ საბანკო ოლიგოპოლია აკონტროლებს ტრანსმისიის მექანიზმის ორივე მხარეს (ანაბრები და სესხები), ყველა ფინანსურ ბაზარზე (ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ობლიგაციები) ფასწარმოქმნის მექანიზმი არის კარტელური - ეს ნიშნავს დაბალ განაკვეთებს ანაბრებზე და მაღალ განაკვეთებს სესხებზე. იგივე ითქმის სავალუტო ოპერაციებზეც. გვენეტაძე და კიკორია (ან ეროვნული ბანკის საბჭოს სხვა წევრები) თუ ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, სხვას გადააბარონ მართვის სადავეები.

ძალიან მიკვირს, კომერციული ბანკების წარმომადგენლების განცხადებები. ეს ხალხი ძალიან ამაყობს იმით, რომ 500 დოლარით დაიწყო ბიზნესი და რატომ უწესებს 50 მლნ დოლარის ბარიერს სხვა ბანკებს? ჩემი აზრით, ეს არის დავალება ეროვნული ბანკის მისამართით, რომ ხელოვნურად შეამცირონ ბანკების რაოდენობა. სებ-იც ხელს უწყობს კომერციული ბანკების ინტერესებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დავით ასლანიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"