”სენდვიჩ-პანელების” წარმოების გაფართოება მშენებლობას გააიაფებს

შპს "აისიიეს"-ის (ICES) დირექტორის, ალექსი მორჩილაძის თქმით, კომპანიის მიერ ე.წ. სენდვიჩ-პანელების წარმოება საპარტნიორო ფონდთან ერთად დაწყებული ახალი პროექტის ფარგლებში, 300 ათასიდან ორ მილიონ მ2-მდე გაიზრდება.

"პროექტის ფარგლებში გავაფართოვებთ წარმოებას, რადგან ბაზარზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ არსებული წარმოებით მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფდით,” - განაცხადა ალექსი მორჩილაძემ დღეს, საპარტნიორო ფონდთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ამ პროექტით სენდვიჩ-პანელების წარმოებაში 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ICES საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სენდვიჩ-პანელებს 2007 წლიდან აწარმოებს. კომპანია ასევე მუშაობს სამაცივრე, საწარმოო, სასაწყობე და სხვა ტიპის ინდუსტრიული შენობების დაპროექტება-დიზაინის, ტექნოლოგიების შერჩევის, პანელების წარმოება-მშენებლობა-აღჭურვის მიმართულებით. კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტებს შორისაა სწრაფგამყინი საწარმო ნატახტარში, ჰიპერმარკეტი ”გუდვილი”, ლუდსახარში ”მირზაანი”, ”პოპულის” საწარმოო და სასაწყობე შენობა, ”ფილიპ მორისის” თამბაქოს შესანახი საწყობები, ქიმიური ლაბორატორია ბოლნისში და ა.შ. ახალი პროექტის ფარგლებში კომპანია გეგმავს თურქეთიდან იმპორტი, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია, სრულად ჩაანაცვლოს და სენდვიჩ-პანელები ექსპორტზეც გაიტანოს ყაზახეთში, სომხეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში.

"ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება ფასითა და ხარისხით. ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ, რადგან უახლოესი 1500 კილომეტრის რადიუსში ანალოგიური ქარხანა არ არის, გარდა თურქეთისა. ყაზახეთში, აზერბაიჯანში და სომხეთშიც ასევე თურქეთიდან შედის აღნიშნული მასალა," - განაცხადა მორჩილაძემ.bpn

მისი თქმით, სენდვიჩ პანელების ფასი 18-დან 50 აშშ დოლარამდე მერყეობს გამომდინარე მათი სისქიდან, ნივთიერებების შემცველობიდან თუ სიმკვირივიდან.

"ეს პროდუქტი ძირითადად ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობაში გამოიყენება. ეს არის ძალიან სწრაფი, უფრო თბოეკონომიური მასალა. ექსპლუატაციის პერიოდში მას აქვს მინიმალური სითბოს დანაკარგები და იმ შენობებს, რომელიც ამ მასალით შენდება ცოტა დრო სჭირდება გათბობისთვის და მეტი დრო გაგრილებისთვის," - განაცხადა მორჩილაძემ.

მისი განმარტებით, კომპანია უკვე ახორციელებს ერთ-ერთ პროექტს ყაზახეთში - სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას სრული მხარდაჭერით.

როგორც მორჩილაძემ აღნიშნა, გასაკვირია, როდესაც ხშირია საუბარი მშენებლობების შეფერხებაზე საქართველოში, რამდენადაც მის კომპანიას დაარსების დღიდან, არათუ შეუმცირდა გაყიდვები, არამედ პირიქით, განუხრელად ეზრდება.

"დასავლეთ საქართველოში გვაქვს 4 პროექტი, გუშინ შემოვიარე ყველა მათგანი. ასევე, აღმოსავლეთში შენდება ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სამაცივრე მეურნეობები. ძალიან დიდი პროექტები ხორციელდება, თუმცა რატომღაც არ ჩანს," - განაცხადა მორჩილაძემ. მისი თქმით, გარდა უკვე არსებულისა, კომპანია უახლოეს მომავალში ელის ახალ მასშტაბურ პროექტებსაც.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ დღეს ICES-თან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ფონდი მისი პატნიორობით დაფინანსებული პროექტებიდან საშუალოდ ხუთი წლის თავზე გამოდის და ჩამნაცვლებელს ეძებს, რომელიც ამ პროექტს გააგრძელებს.

"ასეთი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთ პროექტში, რომელიც შარშან დავასრულეთ - უნიკალური სასტუმრო ახალციხეში - ჩაგვანაცვლა სლოვაკურმა EXIMBANKA-მა," - განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ICES-თან ერთად განხორციელებული პროექტის შედეგად, საქართველოში მშენებლობა მნიშვნელოვნად გაიაფდება, რადგან სნედვიჩ-პანელებით მშენებლობა რკინა-ბეტონით მშენებლობაზე ბევრად იაფი დაჯდება.

პროექტის ფარგლებში კომპანია პირველ პროდუქციას 10 თვეში გამოუშვებს, რომლის 45% - საქართველოში, ხოლო დანარჩენი საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.