საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე კლეი ბერიმ საქართველო-აშშ-ის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება, მხარეებმა ტექნიკური კუთხით, ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც განხილული იყო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს შორის ბოლო შეხვედრისას.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ის ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩენს. კერძოდ, საუბარი წარიმართა ლიკვიდობის მართვაზე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებაზე, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.
თავის მხრივ, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.