IMF-ის წარმომადგენელი საქართველოში:  საბანკო საიდუმლოება მკაცრად უნდა იყოს დაცული

საერთაშორისო სავალუტო ფონდს აშფოთებს ინიციატივა, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს.

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი ამბობს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აქვს კონკრეტული კითხვები კანონპროექტის ინიციატორებთან და ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

”ჩვენ შევისწავლით საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელი იყოს, რათა საბანკო საიდუმლოება მკაცრად იყოს დაცული,” - განუცხადა აზიმ სადიკოვმა bpn-ს.

მისი თქმით, სსფ-მა უკვე დაიწყო კონსულტაციების პროცესი როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ისე ეროვნულ ბანკთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან.

”როდესაც ეს კონსულტაციები დასრულდება, უფრო ზუსტად შევძლებთ პოზიციის დაფიქსირებას. მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ამ თვალსაზრისით განსხვავებულია - არის ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს ექვემდებარება და არის ქვეყნები, სადაც ეს ინსტიტუტი ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თუმცა, ძირითადი და ცალსახა პრინციპი აქ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ყველანაირი პოლიტიკური ჩარევის გარეშე,” - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ონოფრიშვილმა კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უწყების რეორგანიზაცია არასასურველი შედეგის მომტანი იქნება, რაშიც კანონპროექტის ავტორების დარწმუნებას შეეცდება.