მართალია, ევროპული სავაჭრო სესიის დროს, ოქროს ფასი მცირედით გაიზარდა, მაგრამ მაინც 8-კვირიან მინიმუმზეა, რასაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მიერ ივნისის სხდომზე დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის მოლოდინი განაპირობებს.
კომექსზე ევროპული სესიის დასაწყისში, ერთ უნცია ოქროზე ფიუჩერსი 4.0 დოლარით (0.3 %) გაიზარდა და 1 222.70 დოლარს მიაღწია. ამ მომენტისთვის კი ფასი 1 223.90-მდე გაიზარდა.
ბოლო 8 კვირაში ოქროზე ყველაზე დაბალი ფასი - 1 214.30 დოლარი სამშაბათს დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი, ბაზრებზე რისკულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდაა. შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე, როგორიც არის ოქრო.
როგორც წესი, ოქრო ძალიან მგრძნობიარეა ამერიკულ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დოლარზე და მის ინდექსზეც (რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი დოლარის ჯამურ კურსს წარმოადგენს) აისახება. ლონდონის დილის სავაჭრო სესიის დროს, დოლარის ინდექსი ბოლო სამი თვის მაქსიმუმის (99.61) სიახლოვეს - 99.46 დონეზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ბოლო ხუთი კვირის პიკის (2.416%) სიახლოვეს იმყოფებოდა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობის მაჩვენებელი.
პარალელურად, 10.6 ცენტით (დაახლოებით0.7%-ით) გაიზარდა ვერცხლის ფასი, რომელმაც უნციაზე 16.31 დოლარს მიაღწია. იმავე სამშაბათს, ვერცხლის ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმადე (16.06 დოლარი) დაეცა. 0.9 პროცენტით, 918.00 დოლარამდე გაიზარდა უნცია პლატინის ფასი, უნცია პალადიუმის ფასმა კი 0.2 პროცენტით, 801.10 დოლარამდე მოიმატა.