ინდური სამშენებლო კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე ინდური სამშენებლო კომპანიის Shapoorji Pallonji and Company Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მრავალპროფილიანმა მსხვილმა ინდურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი გამოთქვა და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. კომპანია ამ დროისათვის ინდოეთის გარდა წარმოდგენილია დუბაიში, კუვეიტში, ალჟირში, განაში, ლიბიაში, ყატარში, საუდის არაბეთსა და შრი-ლანკაში. Shapoorji Pallonji-მა ააშენა ინდოეთში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენები Imperial towers მუმბაიში.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციებისა და ბიუჯეტის შესახებ, გააცნეს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული, ისე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილი სამუშაოები. საუბარი შეეხო მიმდინარე და გამოსაცხადებელ ტენდერებსაც", - განმარტეს სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ინდურმა კომპანიამ, რომელიც სხვადასხვა სახის პროექტებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს, საქართველოსადმი დაინტერესების მიზეზად ქვეყანაში არსებული გამარტივებული ბიზნესგარემო და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები დაასახელა.