ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის მოწყობა იგეგმება

ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელებას ქართული საინვესტიციო კომპანია Georgian Ventures & Investment (GVI) აპირებს.

როგორც კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი, კომპლექტში იქნება 20 კეთილმოწყობილი ოთახი, რომელიც დამსვენებელს უნიკალურ მომსახურებას შესთავაზებს. საკურორტო შეთავაზებაშია მედიტაცია და სხვადასხვა სახის თერაპიები. კურორტი დამსვენებელს ოთხივე სეზონზე მოემსახურება.

GVI საქართველოში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, საგურამოში არაბულ კომპანია Salim Ali Al Shamsi-სთან ერთად მინიქალაქ „საგურამოს ბაღებს“ აშენებს.

მინი ქალაქი 350 000 კვ. მეტრის ფართობზე მოეწყობა და საცხოვრებელ კორპუსებს, ვილებს, კოტეჯებს, სამედიცინო ცენტრს, 4-ვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროს, საკურორტო ცენტრს, დასასვენებელ პარკს, გოლფის მინი-მოედანს, სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს, პატარა ტბებისა და ხილის ბაღების მქონე პარკს გააერთიანებს.

GVI-ის ცნობით, მინი ქალაქი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან კლიენტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოში 2016 წლის აპრილში დაიწყო. გეგმის მიხედვით, პროექტი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.