საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ, SABIC-ის (Saudi Arabia Basic Industries Corporation) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ხალიდ ალ-მანასთან შეხვედრა გამართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ქიმიური მრეწველობის დარგში ურთიერთობების განვითარებას. სამინისტროში განმარტავენ, რომ SABIC-ი წარმოადგენს Aramco-ს შემდეგ სამეფოს უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას.
”აღსანიშნავია, რომ ხალიდ ალ-მანა არის საუდური ერთ-ერთი მსხვილი კომპანია Al-mana Group-ის მფლობელი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სამომავლო საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. მიმდინარე წელს იგი გეგმავს ეწვიოს საქართველოს, რათა უკეთ გაეცნოს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს”, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
10 მაისს კი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, სამეფოს კერძო ავიაკომპანიის Nesma Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა საუდის არაბეთის საავიაციო ბაზარზე საქართველოს ავიაკომპანიის შემოსვლის საპასუხოდ, საუდური კომპანიის მიერ რიადიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხს, კერძოდ მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში საზაფხულო ტურისტული სეზონის დამთავრებამდე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, საქართველოში საინვესტიციო კომპანია Saguramo Gardens - ის დამფუძნებელ აბდულა ჰამედთსაც შეხვდა, რომელიც ამავდროულად მალდივის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საუდის არაბეთში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტის სამომავლო გეგმებს.