„კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ დემოკრატიაზე - რეფერენდუმზე უარის თქმას, არამედ დაბალშემოსავლიანი ადამიანების რისკის წინაშე დაყენებას“.
ამის შესახებ, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„კონსტიტუციის 94-ე მუხლში: ახალი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის ზედა განაკვეთის ზრდა დაუშვებელია რეფერენდუმის გარეშე. ამ ნორმის გაუქმებას ითხოვს სოციალ-დემოკრატიული პარტია, აუდიტორია 115, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე ექსპერტი წევრი. ამ მუხლის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ გადასახადის ზედა ზღვარის გაზრდის უფლება ჩამოერთმევა ხალხს და გადაეცემა საქართველოს პარლამენტს (მთავრობის ინიციატივით).
„მაგალითად, თუ ოფისის დალაგებისათვის ადამიანი იღებს თვეში 100 ლარს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი დამლაგებელი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც არის 20 პროცენტი. ანუ დამლაგებელი თვეში ხელზე აიღებს 80 ლარს. თუ მთვარობას ხვალ გაუჩნდა სურვილი, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გაზარდოს 40 პროცენტამდე, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დამლაგებელი ხელფასის სახით აიღებს არა 80, არამედ 60 ლარს. როგორ ფიქრობთ, მთავრობა საშემოსავლო გადასახადის 20-დან 40 პროცენტამდე გაზრდას რეფერენდუმის გზით უფრო იოლად შეძლებს თუ პარლამენტის 76 წევრის მეშვეობით, რომელიც იმავე პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია, რასაც მთავრობა მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, პარლამენტის მეშვეობით უკეთ შეძლებს, ვინაიდან ჩვენი დამლაგებელის შემოსავლის მქონე ადამიანები ამომრჩეველთა 50+1 პროცენტი და გაცილებით მეტია და არც ერთი მათგანი მხარს არ დაუჭერს იმას, რომ 80 ლარის ნაცვლად შესრულებული სამუშაოსათვის აიღოს 60 ლარი.
„დასკვნა: კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ დემოკრატიაზე - რეფერენდუმზე უარის თქმას, არამედ დაბალშემოსავლიანი ადამიანების რისკის წინაშე დაყენებას, რომ სახელმწიფო მათ მიერ გამომუშავებული შრომის ანაზღაურებიდან უფრო მეტს წაიღებს,“ - წერს გოცირიძე.
"სოციალ-დემოკრატებმა" რამდენიმე თვის წინ გააჟღერეს ინიციატივა, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლისა და „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ორგანული კანონის გაუქმების შესახებ.94-ე მუხლის თანახმად, ახალი გადასახადების შემოღება ან გაზრდა მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზე არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია რომ განახლებულ კონსტიტუციაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიამ, ახალი კონსტიტუციის პროექტში გადასახადების შესახებ 94-ე მუხლი უცვლელად დატოვა.
თუმცა, სოციალ-დემოკრატების ცნობით, პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის პირველი და მეორე მოსმენებისას, კონსტიტუციიდან ახალი გადასახადების დასაწესებლად რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ მუხლის ამოღების საკითხს კვლავ დააყენებენ.