ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების პირამიდის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ხუთშაბათს, 11 მაისს ეროვნულ ბანკში ჩატარებულ აუქციონზე რეფინანსირების პირამიდა კვლავ გაიზარდა და მთლიანმა მოცულობამ 1,75 მლრდ ლარი შეადგინა (1,35 მლრდ - ერთკვირიანი, 400 მლნ - ერთთვიანი), რაც მ2-მონეტარული აგრეგატის 27% შეადგენს.
კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ საბანკო ოლიგოპოლიის განაცხადებმა ერთკვირიანი რეფინანსირების სესხზე თითქმის 1,5 მლრდ მიაღწია და დაკმაყოფილდა 1,35 მლრდ, რაც გასულ კვირასთან შედარებით ნიშნავს განაცხადების ზრდას 113 მილიონით, ხოლო დაკმაყოფილების ზრდას 150 მილიონით.
ე.ი. ფაქტიურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, რაც ჰქონდა ეროვნულ ბანკს ჩაფიქრებული 2 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე გაზრდით, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა საბანკო ოლიგოპოლიაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შემცირებაზე, პირიქით - მატება დაფიქსირდა.
რატომ არის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი და ამ ინსტრუმენტზე მოთხოვნა ასე მაღალი საბანკო ოლიგოპოლიის მხრიდან?
აუქციონის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეფინანსირების განაკვეთით ინფლაციის მოთოკვა შეუძლებელია.
მონეტარული კუთხით ინფლაციის მოთოკვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების პირამიდა აღარ იარსებებს და რეფინანსირების სესხი გაიცემა ზომიერების ფარგლებში.
ამის პოლიტიკური ნება ეროვნული ბანკის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთზე 0,25%-იანი ჯახირით შეუძლებელია, რომ საბანკო ოლიგოპოლიას ჩაუცხრეს რეფინანსირების რესურსზე მოთხოვნის მადა.
საბანკო ოლიგოპოლიისთვის მთავარია, რომ რესურსზე არ დაკარგონ წვდომა, თორემ მისი 0,25%-თ გაძვირება რა პრობლემაა?! ბოლო-ბოლო, ან კლიენტებს გაუძვირებენ სესხებს, ან ანაბრებზე დაარიცხავენ ნაკლებ პროცენტს.
და ბოლოს, კვლავ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, აუქციონის შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია ტექსტური ფორმით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე .
სირცხვილია, როცა ასე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური დაწესებულება ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ექსელის ფაილებში განზრახ მალავს.
სასურველია რეფინანსირების სესხის მიმღები ბანკისა და გაცემული სესხის მიზნობრიობის ჩვენება. ამით ნათელი მოეფინება ამ ინსტრუმენტის გამოყენებას საბანკო ოლიგოპოლიის მიერ," - წერს ასლანიშვილი.