„ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში სს „სილქნეტი“ არსებულ/პოტენციურ აბონენტებს შესთავაზებს ბევრად უფრო დახვეწილ სახელშეკრულებო პირობებს“.
ასე ეხმაურება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი კომპანია „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომლის თანახმადაც აბონენტს ინტერნეტ-მომსახურების გადაყიდვის შემთხვევაში, 20 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივი დამცველი ეხმიანება „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების თაობაზე სოციალურ ქსელებში და ონლაინ გამოცემების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას და კომპანიის აბონენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის განმარტავს:
ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე სს„სილქნეტის“ ინიციატივით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარმოდგენილ იქნა სრულიად ახალი სააბონენტო ხელშეკრულების პროექტი, რომლის სამართლებრივი ექსპერტიზის შედეგად კომპანიას არაერთ სახელშეკრულებო პირობაზე, მათ შორის, 20 000 ლარიანი ჯარიმის ოდენობის შესახებ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის შენიშვნები და რეკომენდაციები წარედგინა.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სხვადასხვა წლებში შემოსული საჩივრების უდიდესი ნაწილი ეხება მომსახურების არასათანადო ხარისხს, აქედან გამომდინარე ასევე – საფასურის დარიცხვის სისწორეს და კომპანიებისათვის საკომპენსაციო მექანიზმის ამოქმედების ვალდებულების დაკისრებას.
შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების იმ მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია 20 000 ლარიანი ჯარიმა, კომპანია თავს იცავს ისეთი შემთხვევებისგან, როცა აბონენტი მისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის, მიწოდებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს და ახდენს არა მხოლოდ მიწოდებული მომსახურების მესამე პირებზე გადაყიდვას, არამედ სადავოს ხდის ამ მომსახურებისთვის სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს და ითხოვს კომპანიის სანქცირებას.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პრაქტიკაში უკვე იყო შემთხვევა, როცა „სილქნეტის“ აბონენტი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხს სადავოდ ხდიდა და ამასთანავე კომპანიის სანქცირებას ითხოვდა.
საკითხის შესწავლის პროცესში კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტი კომერციული მიზნებით ახდენდა ფიზიკური პირისთვის მისაწოდებელი მომსახურების გადაყიდვას მესამე პირებზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობად ითვლება.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 000 ლარიან ჯარიმას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კომპანიასა და აბონენტს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობები, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, უნდა ითვალისწინებდეს გონივრული ოდენობის ჯარიმას, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობასთან, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპანიას უნდა გააჩნდეს თავდაცვის ისეთი მექანიზმი, რომლითაც თავიდან აირიდებს არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის მხრიდან არა მხოლოდ საცალო ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაყიდვის ფაქტებს, არამედ, მომსახურების ხარისხზე დავის შემთხვევაში სანქცირების რისკს.
ჩვენი მოლოდინია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ურთიერთანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში სს „სილქნეტი“ არსებულ/პოტენციურ აბონენტებს შესთავაზებს ბევრად უფრო დახვეწილ სახელშეკრულებო პირობებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბალანსი კომპანიის, როგორც ბიზნეს სუბიექტის ინტერესებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.