EBRD ბონდების გამოშვებით მიღებულ ლარის ფულად რესურსს საქართველოში კერძო სექტორის გაძლიერებაზე მიმართავს

სად დააბანდებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მოზიდულ ლარის რესურსს? ამასთან დაკავშირებით bpn-ი დღეს, ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს, ბრუნო ბალვანერას ესაუბრა.

EBRD-მა ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა და ამგვარად, ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწო საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წახალისებას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და გაძლიერებას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის 50 მილიონი ლარის ღირებულების ორწლიანი ობლიგაცია თანაბრად გიანაწილეს სს "ბიჯი კაპიტალმა" ("საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია) და "თიბისი ბანკმა", რომლებიც იმოქმედებენ, როგორც წამყვანი მენეჯერები და ტრანზაქციის გარანტორები.

ბონდი გულისხმობს მისი გამომშვების მიერ ვალის აღებას მისი მფლობელის წინაშე. ამ შემთხვევაში, მევალე (EBRD) უშვებს ბონდებს კონკრეტული საპროცენტო განაკვეთით, რომელსაც ის გადაიხდის ბონდების შემსყიდველებისათვის (ბანკები) ნასესხები ფულის (50 მილიონი ლარი) დაბრუნებასთან ერთად ბონდების ვადიანობის (ორი წელი) განმავლობაში.

EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიან განაკვეთზე. ამ დროისათვის, ბონდებზე განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 4,3%-ს, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ გადაიხედება.

”ბანკებს, კერძო კომპანიებსა და ინდივიდებს მიეცათ შესაძლებლობა, ინვესტიცია განახორციელონ EBRD-ის მიერ გამოშვებულ ბონდებში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ლარები, ისინი იხდიან ამ ლარებს ბონდებში, ხოლო ჩვენ, ვინც ვალად ვიღებთ მათ მიერ გადახდილ თანხას და გავასესხებთ კომპანიებზე ლარშივე, უკან ვუბრუნებთ ორი წლის განმავლობაში, ოღონდ საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიან განაკვეთზე მიბმული საპროცენტო განაკვეთით,” - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

მისი თქმით, EBRD-ი ბონდების გამოშვების შედეგად მოზიდულ ლარის ფინანსურ რესურსს მისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განსავითარებლად გამოიყენებს. კონკრეტულად, კერძო სექტორის გასაძლიერებლად.

”ამ ფულს მცირე და საშუალო საწარმოებს, ბანკებს ვასესხებთ, რითაც უზრუნველვყოფთ, რომ მათ ექნებათ სესხი არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში. ეს მათთვის მნიშნველოვნად შეამცირებს გაცვლითი კურსის ცვალებადობისა და სავალუტო რყევების შედეგად გამოწვეულ რისკებს და ამასთან, ფინანსურ ბაზარზე გაზრდის ლარის ფულად მასას,” - განმარტა ბალვანერამ.

მისი თქმით, მსგავს აქტივობებს EBRD-ი აქამდეც ახორციელებდა, თუმცა წარსულში, ფინანსური ინსტიტუტი ლარის რესურსს სავალუტო ბაზარზე ჰეჯ-ფონდების მეშვეობით მოიპოვებდა, რაც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის თანხის მიღებას გულისხმობდა.

”ბაზარზე მოთხოვნა აღმოჩნდა ბევრად მეტი, ვიდრე ამ განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შეგვეძლო მიგვეწოდებინა. ამიტომ, დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძიება ლარის რესურსის მოსაძიებლად და შედეგად მივედით დასკვნამდე, გამოგვეშვა ლარში დენომინირებული ბონდები,” - განაცხადა EBRD -ის რეგიონალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაინაწილა 50 მილიონი ლარის ბონდები მხოლოდ ორმა ბანკმა, ბალვანერამ განმარტა, რომ ეს თანხა EBRD-სათვის არც ისე დიდია, რადგან ინსტიტუტს მილიარდის ოდენობის ბონდების გამოშვების პრაქტიკაც ჰქონია. ამიტომ, ამ თანხის მხოლოდ ორ ბანკზე გადანაწილება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში მიზანშეწონილად მიიჩნიეს. მანვე დასძინა, რომ ორი წლის განმავლობაში, სანამ უკვე აღებული ვალდებულებები სრულად არ იქნება გასტუმრებული, EBRD დამატებითი ფასიანი ქაღალდის გამოშვებას არ გეგმავს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა იყოს მოთხოვნა მეორად ბაზარზე თავად ბონდებთან მიმართებაში, ბალვანერამ განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნის გაჩენა გამორიცხული არ არის. შესაბამისად, მან არც ის გამორიცხა, რომ ბანკებს გაუჩნდეთ სურვილი გაყიდონ EBRD-ის ლარში დენომინირებული ბონდები.

ეს ვარაუდი დაადასტურა ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ გამყრელიძემაც და განაცხადა, რომ ობლიგაციები ბანკს უკვე აქვს ბალანსზე. შესაბამისად, სამომავლოდ, ან შეინარჩუნებენ მათ, ან გადაყიდიან ”თუკი ვინმეს ინტერესი ექნება”.