საფრანგეთში საავტომობილო კომპანია Renault-ის რამდენიმე ქარხანამ დღეს მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მასიური კიბერშეტევის ობიექტი გახდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„ეს დაცვითი ღონისძიებების ნაწილია, რომელიც მიღებულია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადეს Renault-ში.
მანამდე Renault-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კორპორატიული კომპიუტერების სისტემაზე გუშინ ჰაკერული შეტევა მოხდა.
გუშინ გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.
Avast-ის განცხადებით, კიბერშეტევის ფაქტები ძირითადად რუსეთში, უკრაინაში და ტაივანზე, ასევე დიდ ბრიტანეთში მდებარე საავადმყოფოებზე დაფიქსირდა.
ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.