სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელი კომპანია შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა

"თი-ვი ემ-არ საქართველო", რომელიც ტელეკომპანიების რეიტინგებს ”ფიფლმეტრებით” ზომავს, შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

დაჯარიმების მიზეზი იმ ოჯახების გაუმჟღავნებლობა გახდა, სადაც ”ფიფლმეტრებია” განთავსებული.

როგორც „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ დირექტორმა, ნინო გოგოლაძემ media.ge-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ, რათა არ დარღვეულიყო მათი კონფიდენციალობა. მას შემდეგ, რაც გოგოლაძემ დამკვეთებთან დაკავშირება დაიწყო, მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც ”ფიფლმეტრებია” განთავსებული.

გოგოლაძის თქმით, "თი-ვი ემ-არ საქართველო" კვლევაში მონაწილე ოჯახების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს სთავაზობდა "ფიფლმეტრების" ოჯახებიდან გადმოტანასა და აღწერას, რაზეც უწყებამ ორგანიზაციას უარი უთხრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას "ფიფლმეტრების" მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.

"კომპანიის ოფისში ჩატარდა ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცა კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიარულ-ტექნიკური ფასეულობებიც, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილების მიხედვით", - განუცხადა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ამასთან, როგორც მოისწრაფიშვილი აცხადებს, შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. მისივე თქმით, ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც კანონი საგადასახადო საიდუმლოების კვალიფიკაციას ანიჭებს, არის ჩვეულებრივად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად და იქნება დაცული. მოისწრაფიშვილის თქმით, არანაირი დოკუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა იმოქმედა კანონის დარღვევით ან მიმართა რაიმე სახის ზეწოლას, არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

”თი-ვი-ემ-არ საქართველო” გეგმავს გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურის ქმედება, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მოითხოვეს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვის იყო საჭირო.

ასევე, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა კომპანია "აი პი ემის" (რომელიც "თი-ვი ემ-არ საქართველოს" პარტნიორი კომპანიაა) დამფუძნებლის, გოჩა ცქიტიშვილის კომენტარის შემცველი ვიდეო, სადაც ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამი კვირის წინ კომპანიას პრივატულად შეხვდა ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი და ითხოვა სიების გადაცემა.

"მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ. მთხოვდნენ, მე კონფიდენციალური არხებით ჩამეგდო სიები ხელში და გადამეცა მათთვის. მიზეზად ასახელებდნენ, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში არის დიდი თანხები დახარჯული," - ამბობს გოჩა ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ის დღეს გეგმავს სპეციალური განცხადების გავრცელებას, სადაც მოყვება თუ როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და როგორ მოაწერინეს ხელი კომპანიის დირექტორს ოქმზე ოთხმა ადამიანმა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ცქიტიშვილი ასევე გეგმავს გაამჟღავნოს იმ ტელევიზიებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობაც, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"მხოლოდ მოუმზადებელი, უწიგნური ადამიანი ცდილობს სიების ხელში ჩაგდებას, იმიტომ, რომ იმ სიების გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს კერძო კომპანიების დაზარალების შესაძლებლობა," - დასძინა ცქიტიშვილმა.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" საერთაშორისო კომპანიის, AGB Nielsen-ის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიას 350-ზე მეტი "ფიფლმეტრი" აქვს განთავსებული ოჯახებში, რომელთა საშუალებითაც ის ტელევიზიების 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. "თი-ვი ემ-არ"-ის კლიენტებს შორის არის 11 ქართული ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტო.