კახა ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტის უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე იკითხება

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბენდუქიძე მთავარ პროკურატურაში აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზეა დაბარებული.

მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ბენდუქიძემ უძრავი ქონების პრივატიზაციის საკითხზე პროკურატურაში მისი მოწმის სახით დაბარება ზეწოლად შეაფასა.

"გაზაფხულზე, სადღაც 10-დან 20 მარტამდე შარშანაც და წელსაც ერთი და იგივე მოვლენები ხდება, როდესაც დარტყმას გვაყენებენ, ეს ხდება შეგნებულად, თუ გაზაფხულს ვესალმებით ასე, არ ვიცი", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კახა ბენდუქიძის ადვოკატმა, ოთარ კახიძემაც. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალები მათ არ გადასცემიათ. ადვოკატი საქმეს აბსურდულს უწოდებს და გამოძიების დასრულებას დაელოდება. ადვოკატი კახა ბენდუქიძის მთავარ პრკურატურაში მოწმის სახით დაბარებასა და დაკითხვაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

მთავარმა პროკურატურამ კახა ბენდუქიძის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქმე ეხება სსიპ "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციას. ასევე, მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს "აგრომეტის" კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს "აგრომეტის" 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

”მაშინ, როდესაც შპს "აგრომეტის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძეც. არსებული ინფორმაციით, საქმე უნივერსიტეტის პრივატიზებას ეხება და გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით მიმდინარეობს.