ჩვენ ვხედავთ ბიზნეს ელიტებსა და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო , - ამის შესახებ ”აუდიტორია 115-ის” წევრმა დიდ საკონცერტო დარბაზში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გამართულიყო.
”აუდიტორია 115-ის” წევრის თქმით, დღეს ხელისუფლება საუბრობს ფასადური სოლიდარობის ენით და არაფერს აკეთებს რეალური სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.
”4 მეშახტე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა ქალაქ ტყიბულში. მთელი ქალაქი გლოვობს და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ სოლიდარობას ამჟღავნებს. კერძო მესაკუთრემ მოკლა ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ისევ დუმს. სახელმწიფო, რომელიც ბიზნესის მარიონეტადაა ქცეული. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვხედავთ. ეს არ არის ახალი, თუმცა ეს არის ძველის გაგრძელება.
ჩვენ ვხედავთ ადამიანებს სცენაზე, რომლებიც ფასადური სოლიდარობის ენით გველაპარაკებიან, მაგრამ მე მახსოვს ერთი წლის წინ ვინმე გახარია, ახლა უკვე მინისტრთა კაბინეტის და სამთავრობო ძალების ახლოს მყოფი ფიგურა, რომელიც მეშახტეებს პირდებოდა სხვადასხვა სიკეთეებს, მაგრამ ზუსტად შრომის პირობების შუსრულებლობის გამო დღეს ჩვენ გვყავს ოთხი ადამიანი გარდაცვლილი. ეს არის ტყიბულის რეალობა.
ჩვენ ვხედავთ ბიზნეს ელიტებსა და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო,” - განაცხადა მოქალაქემ.
”აუდიტორია 115-ის” წევრის სიტყვით გამოსვლას დარბაზიდან ტაში მოჰყვა.