საფრანგეთის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უახლოეს დღეებში ახალი კიბერშეტევებია მოსალოდნელი.
აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გიომ პუპარმა რადიოსადგურ Franceinfo-ს ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ფრანგული ავტოგიგანტი Renault არ იყო კიბერშეტევების ერთადერთი სამიზნე საფრანგეთში და მისი უწყება მუშაობს კიბერშეტევების სამიზნე უწყებებთან, რათა მათ კომპიუტერული სისტემების აღდგენაში დაეხმაროს.
„უახლოეს დღეებში მორიგ კიბერშეტევებს უნდა ველოდოთ. ჰაკერები ანახლებენ თავიანთ პროგრამებს, მათ უფრო ეფექტურს ხდიან. განმეორებით კიბერშეტევებს ყოველთვის აქვს ადგილი“, - განაცხადა მან.
13 მაისს საფრანგეთში საავტომობილო კომპანია Renault-ის რამდენიმე ქარხანამ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მასიური კიბერშეტევის ობიექტი გახდა.
12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.
ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.