ყადაღის მიუხედავად, ”ფუდმარტს” უცხოელი გიგანტი პარტნიორი შემოჰყავს

”ფუდმარტს” საერთაშორისო სავაჭრო ქსელი ”SPAR” შემოჰყავს, რომელიც ჰოლანდიაში 1932 წელს დაარსდა და 35 ქვეყანაში 12 500 მაღაზიას ფლობს.

როგორც bpn.ge-ს კომპანიის წარმომადგენელმა, ნათია ჩოლოყაშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები უცხოურ კომპანიასთან გადამწყვეტ ფაზაშია და კონტრაქტს ხელი, სავარაუდოდ, აპრილში მოეწერება.

SPAR-თან თანამშრომლობის ფორმის, ისევე როგორც გარიგებისა და ინვესტიციების სავარაუდო მოცულობის თაობაზე ინფორმაციას ”ფუდმარტში” ჯერ არ აკონკრეტებენ.

კითხვაზე, თუ რა ბედი ელით ”ფუდმარტის” წინამორბედის - ”პოპულის” კრედიტორებს, რომელთა წინაშე კომპანიას მილიონობით ლარის დავალიანება დაუგროვდა, ჩოლოყაშვილი აცხადებს, რომ ვალდებულებების დაფარვას ”ფუდმარტი” დაპირებისამებრ ასრულებს. “ამის შესახებ შეგიძლიათ მომწოდებლებსაც ჰკითხოთ, რამდენად კმაყოფილები არიან ჩვენთან თანამშრომლობით”, - აღნიშნა ნათია ჩოლოყაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ”პოპულის” კრედიტორებთან დავების გამო "ფუდმარტის" ქონებას თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინების საფუძველზე თებერვალში ყადაღა დაადო.

”ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში საკითხი დადებითად გადაწყდება და იმ ნაწილში, რის გამოც ქონების ნაწილი დაყადაღებულია, აუცილებლად მოიხსნება”, - აცხადებენ კომპანიაში.