აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაფთაი ცურის შეხვდა , - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი 2013 წლიდან ანხორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აჭარაში ტურისტების რაოდენობაც. 2016 წელს, ისრაელიდან აჭარაში 41 355 ტურისტი ისვენებდა, შედეგად ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა.
ისრაელი აჭარისთვის ფრენების რაოდენობითაც გამორჩეულია. სულხან ღლონტმა შეხვედრაზე სწორედ, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიმდინარე წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია გეგმავს. Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines ბათუმის მიმართულებით რეისებს ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის საკითხი ისრაელის ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის მიერ ისრაელში დაგეგმილი პიარკამპანიების განხორციელებაში მათ ჩართულობას. ისრაელის ელჩთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისრაელის კონსული საქართველოში და საელჩოს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.