საქართველო ბავშვთა უფლებების დაცვის ინდექსში 77-ე ადგილზეა

ბავშვთა უფლებების დაცვის 2017 წლის ინდექსში საქართველო 0,736 ქულით მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 77-ე პოზიციაზეა.

KidsRights Foundation-ის ინდექსი UNICEF-ისა და გაეროს კომიტეტის მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ხუთ მთავარ ინდიკატორს აერთიანებს: სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, უსაფრთხოების უფლება და ბავშვის უფლებების დაცვისთვის ხელსაყრელი გარემო. თითოეული ინდიკატორი რამდენიმე რიცხობრივ და ხარისხობრივ კრიტერიუმს (მთლიანობაში 23-ს) მოიცავს. მაგალითად, სიცოცხლის უფლების სფერო შეიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, სიკვდილიანობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, დაბადებიდან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და დედათა სიკვდილიანობის რიცხვი.

„ბავშვთა უფლებების ინდექსის“ თანახმად, პირველ ხუთეულში არიან პორტუგალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და ესპანეთი. ბოლო პოზიციებზე კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, სიერა ლეონე, ვანუატუ და ჩადი არიან.