პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე“

პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე”, რომლის მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის (250-მდე ჰექტარი) სრული რეაბილიტაცია: გაწმენდა, შემოღობვა, 750 000 ხის ნერგის დარგვა და მოვლა მომავალი 5 წლის მანძილზე.

პროექტი აერთიანებს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ კერძო პირებს.

აღნიშნულ ინიციატივაში უკვე არაერთი კომპანიაა ჩართული და პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფინანსა 500 ხის დარგვა დაზიანებულ ტერიტორიაზე.

„2016 წელს გადავწყვიტეთ, რომ 2017-ში პაშა ბანკი აქტიურად ჩაერთვებოდა „მწვანე პროექტებში“ და უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. ამათგან პირველი იყო საახალწლოდ ჩვენი პარტნიორებისთვის სიმბოლურად 2017 ძირი ქართული ფიჭვის დარგვა ბორჯომის ტყის სარეაბილიტაციოდ. აღნიშნული კამპანია ორმაგად მნიშვნელოვანია როგორც დაზიანებული ტერიტორიის აღდგენის კუთხით, ასევე ამ პრობლემის ცნობადობის ამაღლების კუთხითაც. ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ წამოწყებაში,“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

"ჩვენი მიზანია, ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ჩავრთოთ კერძო პირები და ბიზნეს სექტორი ბორჯომის ხანძრით დაზიანებული ტერიტორიის სრულად აღდგენაში. გვიხარია, რომ პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველი შემოუერთდა კამპანიას და აქტიურად ახორციელებს CSR ღონისძიებებს," - ამბობს ბაჩო ხაჩიძე, სტარტაპ თრიფექსის თანა-დამფუძნებელი.

კამპანიას „აღადგინე“ ახორციელებენ ბიზნეს ინფორმაციის პორტალი „ბია“, სტარტაპი “თრიფექსი” და ეროვნული სატყეო სააგენტო.