პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა 70% დასაქმებული არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის - "პროფესიული განათლება საქართველოში -მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები" პრეზენტაცია გამართა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, აუდიტის მიზანი იყო მთავრობის მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა. მისი განმარტებით, შესწავლის შედეგად, რიგი ხარვეზი და ნაკლოვანება გამოიკვეთა, რომელთა აღმოსაფხვრელად აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, რეკომენდაცია გულისხმობს, რომ სამინისტრომ წინასწარ დაგეგმოს და გამოიკვლიოს, თუ რა პროფესიებია მოთხოვნადი საქართველოში, რათა მათზე ფოკუსირებით განავითაროს პროფსასწავლებლები.

"ანგარიში ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტმა მოამზადა. მასში იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზეა საუბარი, რომლებიც სისტემაში არსებობს - არის გარკვეული თემები, რომელიც ჩვენ არადამაკმაყოფილებლად მივიჩნიეთ. დასკვნაში საუბარია, რომ იმ ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი, ვინც პროფესიულ სწავლებაში მონაწილეობდა, დასაქმებული არ არის", - განუცხადა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს პრეზენტაციის შემდეგ.

გენერალური აუდიტორის შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები დაგეგმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.

"სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებს, რომ მან გადაამზადოს ჩვენი მოქალაქეეები, რათა შემდგომ ისინი დასაქმდნენ. როცა ვხედავთ, რომ გადამზადებული პირების დაახლოებით 70% არ არის დასაქმებული, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, რამდენად სწორად არის დაგეგმარებული აღნიშნული პროცესი. დაგეგმარება არ იყო სწორად განხორციელებული; არ იყო შესწავლილი, რა საჭიროებები იყო მუნიციპალიტეტებში, რა პროფესიებზე იყო მოთხოვნა. შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას განათლების სამინისტროს, წინასწარ მოხდეს შეფასება დაგეგმარება, კვლევა იმისა, თუ რა პროფესიებიაა მოთხოვნადი საქართველოში, რომ ფოკუსირება მათზე მოხდეს", - განმარტა ლაშა თორდიამ.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით კი, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, უწყება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მზად არის.

"ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა აუდიტის სამსახურს, რათა გვქონოდა სიტუაციის, პრობლემების აღწერა და რეკომენდაციები. 2012 წლის შემოდგომაზე, პრინციპში, უკვე ნათელი და გამოკვეთილი იყო ის პრობლემები, რომლებიც პროფესიული განათლების სისტემას ჰქონდა. მაშინვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და 2013 წლისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული. ამ მომენტისთვის რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია და გავაგრძელებთ მუშაობას დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებაზეც", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

გასული 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე სახელმწიფომ 60 მილიონ ლარზე მეტია დახარჯა. ამის ფონზე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საკუთარი პროფესიით დასაქმება კურსდამთავრებულთა მხოლოდ 23%-მა მოახერხა.

"აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო, სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, უწყება დაფინანსების სისტემაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება არაოპტიმიზებული იყო.

"ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს. ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა 2010-2012 და 2013 წლის პირველი ნახევრის პირველ პერიოდს მოიცავს.