ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარი თანდათან იზრდება და ვითარდება. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა და საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსი - ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რის გამოც საქართველოს საჰაერო სივრცით სულ უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს.
ამას სტატისტიკაც ადასტურებს: 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარი 904 837 მგზავრს მოემსახურა, რაც 48%-ით მეტია 2016 წლის 4 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
მიუხედავად ამისა, არის პრობლემებიც, მაგალითად, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი - აირზენა“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი „მონსტრი ავიაკომპანიები“ დემპინგური ფასებით ოპერირებენ, რაც ამ ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ქართულ ავიაბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს, გურამ ჯალაღონიას ვთხოვეთ:
- როგორ შეაფასებდით ქართული ავიაციის მდგომარეობას და რა არის მისი მთავარი პრობლემა?
-სამოქალაქო ავიაცია საქართველოში დინამიკურად ვითარდება. ამ მომენტისთვის, საქართველოს ავიაბაზარზე 34 სამგზავრო ავიაკომპანია საქმიანობს, რომელთაც ზაფხულის სეზონიდან კიდევ 6 კომპანია დაემატება, ესენია: Gulf Air, Air Arabia Jordan, RedWings, Nordavia Airlines, Severstal, Nordstar. აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიის შემოსვლაზე. არიან საქართველოში ავიაკომპანიის დაარსებით დაინტერესებული ახალი ჯგუფებიც, რომლებთანაც სააგენტო მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს. ბუნებრივია, პრობლემები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგშიც არსებობს, თუმცა ეს პრობლემები წარმოადგენს და ასახავს ზოგადად, ავიაციის სექტორისთვის დამახასიათებელ სირთულეებს. ჩვენი ვალია, რომ საავიაციო სისტემა მთლიანობაში მუშაობდეს გამართულად, ამიტომ, ღია და პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ყველა მოქმედ ავიასაწარმოსთან და ვცდილობთ ჩვენი კომპეტენციისა და კანონმდებლობის ფარგლებში დახმარება ყველას გავუწიოთ.
-ერთ-ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ, კერძოდ, „Georgian Airways”-მა გააკეთა განცხადება, რომ უცხოური კომპანიები ჩვენს ავიაბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებენ. როგორ აისახება ეს სხვა კომპანიების საქმიანობაზე?
-მე შეგახსენებთ, რომ „Georgian Airways”-მა წელს არაერთი მიმართულებით განაახლა და დაიწყო ოპერირება. შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე მიმდინარე წლის 4 თვეში, „ჯორჯიან ეარვეიზის“ მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 31%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც იცით, 2005 წლიდან, საქართველო საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსს ატარებს, შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები, მემორანდუმები, ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება ემყარება ლიბერალური, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ეს ყველაზე გამართლებული, აპრობირებული მოდელია და სწორედ მას იყენებენ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. შესაბამისად, რომელიმე ავიაკომპანიისადმი სახელმწიფოს იმგვარი დახმარება, ან სუბსიდია, რაც განაპირობებს მის დომინანტურ და არაკონკურენტულ პოზიციაში ჩაყენებას, ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ გატარებულ ლიბერალურ პოლიტიკას და რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება მომხმარებლის ინტერესებს. საქართველოში ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს აბსოლუტურად ერთნაირი უფლებები აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა აქვე გაცნობებთ, რომ ამ ავიაკომპანიის მიერ დაფიქსირებული ფაქტების შესწავლა შესაბამისი უწყების მიერ ახლაც მიმდინარეობს.
-უწყობენ თუ არა ხელს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ქართული ავიაციის განვითარებას?
-დიახ, უწყობენ, და ამის ბოლო ნათელი მაგალითია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად დღგ-სგან თავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე დღგ-სგან და აქციზისგან თავისუფლდება სამოქალაქო საავიაციო რეისების და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი, ან მიწოდება. ეს ცვლილებები, ასევე, პრემიერის მიერ ინიცირებული შიდა აეროდრომების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების სტიმულირებას და ჩვენი ქვეყნის ავიაბიზნესის განვითარებას.
-დასასრულ, როგორ ახერხებენ ქართული კომპანიები საქმიანობას, თუ ამ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა?
-ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ. საქართველოს საავიაციო ბაზრის მოთამაშეები, მათ შორის ქართული ავიაკომპანიებიც, დამოუკიდებლად, თავისი კომერციული ინტერესების მიხედვით მოქმედებენ, თავად განსაზღვრავენ სად და როდის განახორციელონ ფრენები. სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ კონკურენციის არსებობა განაპირობებს იმას, რომ ჩნდება ახალი მიმართულებები, ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიები, ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის გეოგრაფიული არეალი... ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა და საქართველოში ჩამოსული ტურისტები ნათლად ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, ვიდრე წლების წინ იყო.
ხათუნა ჩიგოგიძე