საქართველოს დელეგაციამ პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერა.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.
საქართველოს დელეგაციას ცენტრში მეგზურობა „ჰუავეის“ პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენმა გაუწია.
ცენტრში საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ყველა ის სიახლე, რომელიც ჩინური კორპორაციის მხრიდან ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინერგება.
„ჰუავეი“ ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო ტელეკომუნიკაციებზე და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ მსოფლიოში უდიდეს კომპანიას. „ჰუავეის“ საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტერმინალური მოწყობილობების წარმოება და სხვა“, - განაცხადეს სამინისტროში.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ, „ჰუავეის“ პრეზიდენტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში კორპორაციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჰუავეი“ საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს, რომელმაც სხვადასხვა ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო სექტორში და სახელმწიფო უწყებებში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.