წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი წარმოების მაისურებისა და თბილი სამოსის ექსპორტი აპრილში 71%-ით გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან 73%-ით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
აღნიშნულ პერიოდში 39%-ით გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, 26%-ით მედიკამენტების, 8%-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების, ხოლო 5%-ით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.