IPM-ის დამფუძნებელი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს მიმართავს

კომპანია IPM-ის დამფუძნებელი გუშინ დაპირებულ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატ თინა ხიდაშელს მიმართავს.

გოჩა ცქიტიშვილმა განცხადება Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა პრივატული შეხვედრაზე სთხოვეს მოეპოვებინა იმ ოჯახების სიები, სადაც სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიას, "თი-ვი ემ-არ" - ს განთავსებული აქვს ე.წ. ფიფლმეტრები.

ცქიტიშვილმა არ გაამჟღავნა ზემოხსენებული კომპანიისა და მისი წარმომადგენლების ვინაობა, თუმცა მოუწოდა მათ, თავად განმარტონ, ვინ არიან და რატომ სთხოვდნენ სიების პირადი არხებით ხელში ჩაგდებას, ხოლო შემდეგ მათთვის გადაცემას.

”თქვით ბატონებო, იმიტომ რომ დღეს ჩემს პარტნიორ ორგანიზაციაში, თი ვე ემ არში უკვე ელოდებიან, რომ სიის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. არ ვიცი შიარაღებული პირების დახმარებით, არ ვიცი რა ინსტრუმენტებით, და არც არასოდეს მცოდნია, იმდენად შორს ვარ ამისგან, მაგრამ გეუბნებით, მოყევით რა მოხდა იმ შეხვედრაზე, თქვით რას გიხსნიდით, მოყევით როგორ გიხსნიდით დეტალებში, რომ ქურდობა, თაღლითობა და პრიმიტივიზმი ცუდია, ადამიანს კარგად არ ახასიათებს, მოგიწოდებთ, დეტალებში მოჰყვეთ, როგორ გირჩევდით, რომ გესწავლათ, რა არის რეიტინგი, როგორ ფორმირდება, სად შეიძლება ამის სწავლა, მოყევით ყველაფერი ბატონებო, მოყევით რატომ შემხვდით პრივატულად, რატომ მაინცადამაინც მე, მოყევით, იმიტომ რომ მე მოვყვები, და მსურს გავაკეთო ეს მას შემდეგ, რაც თქვენ ახსნით რა იყო ჩემთან შეხვედრის მიზანი. ახლა გაფრთხილებთ, ან დამისაბუთეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადანაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს, ტელე აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს,” - წერს IPM-ის დამფუძნებელი.

გოჩა ცქიტიშვილის თქმით, თი-ვი ემ-არ-ს რამდენიმე წლის წინაც შეუტიეს, რაც იმით დასრულდა, რომ რამდენიმე ტელევიზიამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ლევან თარხნიშვილის კომპანიასთან გააფორმა, რომელსაც თანხები ტენდერის გზით ჰქონდა მიღებული ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან. იმ დროისათვის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ცქიტიშვილის თქმით, თარხნიშვილმა აღნიშნული ტენდერი გაურკვეველ ვითარებაში მოიგო, რამდენადაც ამ ტენდერის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან ტენდერის პირობები გამოცხადდა რაღაც პერიოდულ გამოცემაში, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენია. როგორც ცქიტიშვილი წერს, მიუხედავად ამისა, თი ვი ემ არ-ი ვერ გააკოტრეს და ის ტელევიზიებიც დაუბრუნდნენ, ვინც მანამდე დემონსტრაციულად გაწყვიტეს კონტრაქტი მასთან.

”ბატონო დავით, (მივართავ დავით უსუფაშვილს), ჩვენ ხომ ჯერ იმ ასაკში ვართ ორივე, რომ არ შეიძლება არ გვახსოვდეს რას ვაკეთებდით ერთად? ან როგორ ვებრძოდით უსამართლობას? მაშინ, იმ პერიოდში, კერძო სექტორიდნ ვინმე ბედავდა იმის გაკეთებას? მაშინ შიში შენიშნე დათო ჩემს თვალებში? ხომ არა? ჰოდა არც ახლა მეშინია, რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ. აქამდეც ბევრი მოხდა ისეთი, რისთვისაც ღირდა ხმის ამოღება, მაგრამ "ვაცლიდი" ახალ ხელისუფლებას, კრიჭაში არ ვედექი, ველოდებოდი და აღარ მსურს დალოდება, იმიტომ რომ რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ეს არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება, არც ჩემი და არც სხვა რომელიმე ადამიანის, რომელსაც მე ვიცნობ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩვენ აღარ შევხვედრივართ, რამე ისეთი მოხდა, რაც მე ვერ შევნიშნე? ხომ მოგწერეს წერილი ამ საერთაშორისო კომპანიიდან, და მერე რა მოხდა, კერძო პარტიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა? კარგი, შსაძლოა, მაგრამ იქნებ ახლაც ერთად ვებრძოლოთ ამ სენს, ამ ავადმყოფობას, ღირებულება დაკარგულ პარტიულებს,” - მიმართავს გოჩა ცქიტიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს.

ის მიმართავს დეპუტატ თინა ხიდაშელსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც.

"თინა, იქნებ მოიკითხო, იქნებ დაკავდე ამით, რა ხდება, რა საიდუმლოებებითაა მოცული საგადასახადო სამსახურების რომელიღაც თანამშრომლის რაღაც მოხსენება, რის საფუძველზეც თურმე ოთხი კაცი ერთ ქალს კერძო კომპანიაში საათობით უნდა ჰკითხავდნენ, თითქოს ვინმე აქ სუბოტექსით ვაჭრობდეს. რა დანაშაულის კვალი აღმოაჩინეს ასეთი ერთ საშუალო ზომის უწყინარ ორგანიზაციაში?” - ნათქვამია გოჩა ცქიტიშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, იყო დრო, როცა შევხვდა გიორგი მარგველაშვილს და რესპონდენტობა სთხოვა. თუმცა, ვინაიდან გუშინ გაიგო, რომ რესპონდენტობა სერვისი ყოფილა, რომელსაც ერთი პირი უწევს მეორეს და ამიტომ უნდა გადამოწმდეს ყველა რესპონდენტი, რომელიც ”ემსახურება” ტელევიზიის რეიტინგების მწარმოებელ კომპანიას, ის ამბობს, რომ მალე მარგველაშვილთანაც მივლენ საგადასახადო სამსახურებიდან.

"იმიტომ, რომ თურმე სერვისი გაგიწევია, და შეამოწმებენ, ხომ არ გადაგიხადე ფული. ბატონებო საგადასახადო სამსახურებიდან: ეს ჩემი აღიარებითი ჩვენება, მე პირადად ჩავუტარე ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ამიტომ, გთხოვთ მიხვიდეთ და შეამოწმოთ, იხდის თუ არა ყველა გადასახადს საქართველოს პრეზიდენტი. მე უკვე შევატყობინე, გელოდებათ ბატონებო," - წერს ცქიტიშვილი.

"თი-ვი ემ-არ საქართველო", რომელიც ტელეკომპანიების რეიტინგებს ითვლის, შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური TV MR-ში შესვლას უარყოფს. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. მისი თქმით, არანაირი დოკუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა იმოქმედა კანონის დარღვევით ან მიმართა რაიმე სახის ზეწოლას, არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.