განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის სავარაუდო გზებზე, ”ინტერპრესნიუსი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპერტამენტის ხელმძღვანელს, ია კუტალაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ია, როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ჩვენს სკოლებში საკმაოდ დაბალია ბავშვების ცოდნის დონე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. შეგიძლიათ, პირველ რიგში, განუმარტოთ მკითხველს რა კვლევებითაა მოპოვებული ეს ინფორმაცია?
- საუბარია ძალიან მასშტაბურ კვლევებზე, ე.წ. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებებზე. ეს შეფასებები ორიენტირებულია არა მხოლოდ სწავლის შედეგების, მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასებაზე, არამედ იმ ფაქტორების შესწავლაზე, რომლებიც განაპირობებს ამ შედეგებს.საერთაშორისო შეფასება მოსწავლეთა მიღწევების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. მასში მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, მაგალითად, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS) მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 600 000 მეტი მოსწავლე მონაწილეობს. 72 ქვეყანა მონაწილეობს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA). სახელმწიფო შეფასება კი გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ძლევენ მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საშუალებას აძლევს მთავრობას, მშობლებს, მასწავლებლებსა და ფართო საზოგადოებას იცოდეს, რამდენად კარგად ამზადებს მოსწავლეებს სასკოლო განათლების სისტემა შემდგომი სწავლისა და ცხოვრებისათვის.
- გვახსოვს ამგვარი კვლევების შედეგები, რომელიც საქართველოში 2007 წელს ჩატარდა და ისიც გვახსოვს, რომ ამ საგნების ცოდნით ჩვენი სასკოლო ასაკის ბავშვები არ გამოირჩეოდნენ. იქნებ გაგვარკვიოთ ბოლო კვლევის შედეგებში და იმაში, თქვენი დაკვირვებით, წინა კვლევებთან შედარებით რეალურად რა სურათი გვაქვს?
- 2007 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა TIMSS კვლევაში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველო აუმჯობესებს თავის შედეგს, როგორც მათემატიკაში, ასევე ბუნებისმეტყველებაში. კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. შედეგების გამჯობესება თვალსაჩინოა PISA კვლევის მიხედვითაც.
მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, TIMSS კვლევაში მონაწილეობის 8-წლიან პერიოდში ჩვენ ვერ შევძელით მიგვეღწია საერთაშორისო საშუალო ნიშნულისთვის. კვლევა აჩვენებს რომ მეოთხე კლასში მოსწავლეთა 22-26%-ს, მერვე კლასში კი 28-30%-ს არა აქვს მინიმალური საბაზო კომპეტენციები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, უფრო მძიმე სურათია PISA კვლევაში 15 წლის მოზარდებთან. 2015 წლის კვლევის შედეგები ასეთია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციები არა აქვს კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარს, მათემატიკაში კი ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 57%-ია.
როგორც ვხედავთ, მოსწავლეთა მიღწევები კი უმჯობესდება, მგრამ არასაკმარისი ტემპით. წლების განმავლობაში სასკოლო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გარღვევა ვერ მოხერხდა. ამასთან, ჩვენი სასკოლო განათლება სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეც დგას. ის ვერ უზრუნველყოფს სწავლის თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოსწავლისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სოფლის სკოლის მოსწავლეთა მიღწევები ჩამორჩება ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების მიღწევებს, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიღწევები კი - კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს. რაც შეხება ეთნიკურ უმცირესობებს მოსწავლეებმა, რომლებმაც PISA-ს ტესტი აზერბაიჯანულად ან რუსულად შეასრულეს გაცილებით უფრო დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მოსწავლეებმა, რომელთაც ქართულენოვან ტესტზე იმუშავეს. ასეთი შედეგი იმათაა განპირობებული, რომ მოსწავლეებს სოფლად უფრო არახელსაყრელი წინაპირობები აქვთ. მათ სახლშიც და სკოლაშიც ნაკლებ რესურსებზე, (სასწავლო, მატერიალური) მიუწვდებათ ხელი, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებს. ხოლო, კერძო სკოლის მოსწავლეებს კი გაცილებით მეტ მატერიალურ თუ სასწავლო რესურსთან აქვთ წვდომა სახლშიც და სკოლაშიც, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
სხვაობა სოფლისა და ქალაქის სკოლების, ასევე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის იზრდება, შესაბამისად, უთანასწორობის პრობლემა სასკოლო განათლების სისტემაში ღრმავდება
რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია, 2007 წლიდან 2015 წლამდე მიღწევებს სწორედ ქალაქში მცხოვრები მოსწავლეები აუმჯობესებენ, სოფლის სკოლებში კი ვითარება ან არ იცვლება, ან იცვლება უფრო უმნიშვნელოდ. გაუმჯობესების ტემპი ყველაზე მაღალი კერძო სკოლებშია. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ სხვაობა სოფლისა და ქალაქის სკოლების, ასევე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის იზრდება, შესაბამისად, უთანასწორობის პრობლემა სასკოლო განათლების სისტემაში ღრმავდება.
სისტემაში არსებულ უთანასწორობაზე მიუთითებს ისიც, რომ არსებობს ე.წ ”ძალიან კარგი” და ”ძალიან ცუდი” სკოლები. ელიტური კერძო სკოლები კი ზოგჯერ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მაღალი დონის პროფესიონალურ ან ადმინისტრაციულ პოზიციებამდე.
- ინტერვიუს ჩაწერამდე ბრძანეთ, რომ საქართველოში საერთაშორისო კვლევების გარდა, ჩვენი ლოკალური კვლევები - ე.წ სახელმწიფო შეფასება ჩატარდა. როგორი მდგომარეობა გვაქვს ამ საგნებში ეროვნული სასწავლო გეგმების ათვისებასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა კვლევებმა რა გვანახა? რა მიზნები აქვს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ამ საგნებში და რა შედეგები გვაქვს დასახული მიზნების მიღწევაში?
- სახელმწიფო შეფასების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე სურათია. სახელმწიფო შეფასების მიხედვით განსაკუთრებულად რთული ვითრება გვაქვს ქიმიასა და ფიზიკაში, მეცხრეკლასელ მოსწავლეთა დაახლოებით 40-50%-ს მინიმალური საბაზო უნარებიც არა აქვს, დანარჩენი 40% კი მხოლოდ მინიმალურ კომპეტენციებს ფლობს ამ საგნებში.
როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფო შეფასების შემთხვევაში ქართველ მოსწავლეებს განსაკუთრებით იმ დავალებების გადაწყვეტა უჭირთ, რომლებიც მსჯელობასა და პრობლემის გადაჭრის უნარის დემონსტრირებას მოითხოვენ.
- ბრძანეთ, გაუმჯობესების დინამიკა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი აშკარად არასაკმარისია და საერთაშორისო დონესა თუ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ახლა, როცა კვლევების შედეგები ვიცით, ალბათ უპრიანიცაა იმაზე საუბარი, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველოს მოსწავლეების ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი ისეთ საგნებში როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია?
- რა თქმა უნდა, ამ კვლევების მიზანიც ესაა. ვიპოვოთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და გამოვიყენოთ ეს ცოდნა სწავლა-სწავლების პროცესისა და გარემოს გასაუმჯობესებლად. თუმცა ეს ძალიან რთული და კომპლექსური ამოცანაა.
ეს შეფასებები და სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ მოსწავლეთა მიღწევებზე გავლენას ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს, ოჯახიდან დაწყებული, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით დამთავრებული. ზოგ მოსწავლეს ხელსაყრელი წინაპირობები აქვს წარმატებული სწავლისთვის ოჯახში, ზოგს პირიქით. კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტ სასწავლო და მატერიალურ რესურსზე მიუწვდება ხელი მოსწავლეს სახლში, მით უფრო მაღალია მისი მიღწევები. ამ რესურსებში შედის მშობლის განათლება, დასაქმება, სახლში წიგნების რაოდენობა, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და სხვა. ოჯახის რესურსებით გამოწვეული უთანასწორობა შეიძლება ანაზღაურდეს ეფექტური სასკოლო განათლებით.
ეფექტურ სასკოლო განათლებას შესაბამისი სასკოლო კულტურა, კვალიფიციური პედაგოგები, მდიდარი და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები სჭირდება. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, განათლებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა კი სკოლაში რესურსების ხელმისაწვდომობაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მარტივად, რომ ვთქვათ ის, რაც სკოლის გარეთ ხდება, მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს იმაზე, რაც ხდება სკოლაში. ქვეყანაში არსებულ მატერიალურ, სოციალურსა და კულტურულ რესურსებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების ხარისხსა და განათლებაში უთანასწორობის ფორმირებაშიც.
და მაინც კრიტიკული მნიშვნელობა მოსწავლის მიღწევებში მასწავლებელს აქვს. მოსწავლეების მიღწევებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მასწავლებლის დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და ა.შ. მაგალითად, სახელმწიფო შეფასების შედეგების მიხედვით, მათემატიკაში მოსწავლეთა სწავლის შედგებზე პოზიტიურად აისახება მასწავლებლის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდი, რომელიც ფაქტების დამახსოვრებაზე კი არა, მნიშვნელობის ძიებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეთა მიღწევებზე მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს მათემატიკაში სერტიფიცირებული მასწავლებლების წილს სკოლაში, მასწავლებლის საქმიანობით კმაყოფილებას და ა.შ.
ჩვენთან კი მასწავლებლის პროფესიას ნაკლები მიმზიდველობის, დაბალი ანაზღაურების გამო ის აბიტურიენტები ირჩევენ, რომლებსაც ნაკლები კომპეტენციები გააჩნიათ და, შესაბამისად, ნაკლები შანსი აქვთ მოხვდნენ უფრო პრესტიჟულ ფაკულტეტებზე. ამაზე ცხადად მეტყველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი
მასწავლებლის როლის კრიტიკული მნიშვნელობის გამო, მოწინავე ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მასწავლებელთა განათლების პროგრამებსა და ხარისხის რეგულაციის მექანიზმებს. ბოლო პერიოდში TIMSS-ში მონაწილე ქვეყნებმა გაამკაცრეს პედაგოგიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარებისა და მასწვლებლის სერტიფიკატის მიღების კრიტერიუმები. ჩვენთან კი ამ მასწავლებლის პროფესიას ნაკლები მიმზიდველობის, დაბალი ანაზღაურების გამო ის აბიტურიენტები ირჩევენ, რომლებსაც ნაკლები კომპეტენციები გააჩნიათ და შესაბამისად, ნაკლები შანსი აქვთ მოხვდნენ უფრო პრესტიჟულ ფაკულტეტებზე. ამაზე ცხადად მეტყველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი.
- თქვენ საკმაოდ საინტერესოდ გვიამბეთ არსებული ვითარების ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ალბათ პრობლემა იმაშიცაა, რომ ისეთ საგნებში როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, პრობლემა უნდა იყოს სასკოლო პროგრამებშიც.
- რა თქმა უნდა, საბუნებისმეტყველო საგნებში ასეთი შედეგები შეუძლებელია დაკავშირებული არ იყოს საბუნებიმეტყველო საგანების სწავლების კონცეფციისა და სასწავლო გეგმის მეტისმეტად ხშირ ცვლილებებთან. ასეთი სწრაფი ცვლილებები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მასწავლებლებისთვისაა, რომლებიც ცვლილებებთან ადაპტირებასაც ვერ ასწრებენ, ისე იცვლება მოთხოვნები.
ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია, თუმცა სასურველია ეს ცვლილებები დაბალანსებულ იყოს და კვლევითი მონაცემების კომპლექსურ ანალიზს ეფუძნებოდეს. მაგალითად, სლოვენიაში, რომელიც მაღალი ტემპით აუმჯობესებს საკუთარ შედეგს TIMSS-ის ყველა ციკლში, 1998 წელს შემუშავებული კურიკულუმი 2011 წელს განახლდა, ისეც არაარსებითად - TIMSS 2003 და TIMSS 2007 შედეგების გათვალისწინებით.
ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია, თუმცა სასურველია ეს ცვლილებები დაბალანსებულ იყოს და კვლევითი მონაცემების კომპლექსურ ანალიზს ეფუძნებოდეს
- თქვენი დაკვირვებით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, როცა ჩვენთან უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩატარდება საერთაშორისო კვლევა, ჩვენ რომ გვქონდეს საშუალება ვისაუბროთ ვითარების თუნდაც არა ”ოდნავ გაუმჯობესებაზე”, არამედ ხელშესახებ გარღვევაზე? სავარაუდოდ, რა რესურსი და როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ ამ სფეროში რეალური გარღვევის მისაღწევად?
- განათლების სისტემა ადამიანური კაპიტალის ძირითადი ,,მწარმოებელია“. ის პასუხისმგებელია ხვალინდელი დღისთვის კომპეტენტური, განათლებული და ნიჭიერი კადრების მომზადებაზე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ტექნოლოგიური, ეკონომიკური განვითარება.
იმისთვის, რომ სასკოლო განათლების სისტემამ გამოწვევებს უპასუხოს, საჭიროა არსებული პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა, პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრა, გაზრდილი ბიუჯეტი ეფექტიანად უნდა დაიხარჯოს პრიორიტეტულ სეგმენტებზე და არა ფასადურ აქტივობებზე
იმისთვის, რომ სასკოლო განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს უპასუხოს, საჭიროა არსებული პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა, პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრა. საჭიროა გააზრებული რეფორმების გატარება ყველგან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან დაწყებული მასწავლებელთა მოსამზდებელი საუნივერისტეტო პროგრამებით დამთავრებული. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა სკოლაში მაღალი კვალიფიკაციის, სათანადო ღირებულებით აღჭურვილი პედგოგები შევიდნენ. ასევე აუცილებელია მასწვლებელთა პროფესიული განვითრების ეფექტიანი სისტემის შემუშავება, ახალი სახელმძღვანელოების მომზადება და ა.შ. ბევრი რამ, რაზეც აქა მაქვს საუბარი, ცვლილებების პროცესშია.
ამ ცვლილებებისთვის კი განათლებაზე სახელმწიფოს ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. გაზრდილი ბიუჯეტი კი ეფექტიანად უნდა დაიხარჯოს პრიორიტეტულ სეგმენტებზე და არა ფასადურ აქტივობებზე.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”