რუსეთიდან გადმორიცხული ფულის წილი პერმანენტულად მცირდება

თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ იანვართან შედარებით 7,3%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 2,8%-ით მოიმატა და 106.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გადმორიცხვების მიხედვით, როგორც წესი, კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც შარშანდელთან შედარებით, 4,6 მილიონი დოლარით ნაკლები ფულადი რესურსი შემოვიდა (51,4 მილიონი დოლარი). შესაბამისად, მისმა წილმა მთლიან გადმორიცხვებში 54.1%-დან 48.2%-მდე მოიკლო.

სამაგიეროდ, 19%-ით გაიზარდა ტრანსფერები საბერძნეთიდან და 16,7 მილიონ დოლარს მიაღწია (მისი წილი 15.7%-ით განისაზღვრა), ხოლო 10%-ით - იტალიიდან, 9,3 მილიონ დოლარამდე (საერთო ტრანსფერებში 8,8%-ით მესამე ადგილზე იმყოფება).

უმნიშვნელოდ,4%-ით გაიზარდა გზავნილები აშშ-დან (5,6 მილიონ დოლარამდე), თითქმის გაორმაგდა თურქეთიდან (4,4 მილიონ დოლარამდე), უკრაინის მაჩვენებელი კი უცვლელია (3 მილიონი დოლარი).

9%-ით მოიმატა ტრანსფერებმა ესპანეთიდან (2,1 მილიონ დოლარამდე) და 25%-ით - გერმანიიდან (1,7 მილიონ დოლარამდე). სამაგიეროდ, 2%-ით შემცირდა გადმორიცხვები ისრაელიდან (1,5 მილიონ დოლარამდე) და 9%-ით - აზერბაიჯანიდან (1,2 მილიონ დოლარამდე).