შემოსავლების სამსახური პავლე კუბლაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

შემოსავლების სამსახური პავლე კუბლაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და მოუწოდებს პოლიტიკურ ფიგურებს, რომ თავი შეიკავონ მცდარი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

”ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანია "TV MR საქართველოში" არ შესულა, არც აქამდე ჰქონია რაიმე სახის შეხება და შესაბამისად, კუბლაშვილის განცხადება არის ტყუილი და მიზანმიმართული ქმედება, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მცდარი ინფორმაცია,” - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" შემოწმების უკან ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დგას. კუბლაშვილის თქმით, ფარცხალაძემ დავალება ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრისაგან, ბერა ივანიშვილისგან მიიღო.

"ფინანსური პოლიცია შესულია კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოში" და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობით იზომება ტელეკომპანიების რეიტინგები. ხაზგასმით და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ შემოწმების უკან დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მართავს არა მხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ პროკურატურას. ფარცხალაძემ ეს დავალება, როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა, მიიღო ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მიზანი არის, რომ მოხდეს რეიტინგების დისკრედიტაცია, შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები და მოხდეს რეიტინგებით მანიპულირება GDS-ის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში, ფინანსურ პოლიციას განზრახული აქვს, შეცვალოს ძალთა ბალანსი სარეკლამო ბაზარზე და ტელეკომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან რეკლამაზე, დატოვონ შემოსავლის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები ცალსახად უკანონოა,” - განაცხადა კუბლაშვილმა.

"თი-ვი ემ-არ საქართველო", რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ოჯახებში დამონტაჟებული ფიფლმეტრებით ზომავს, შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მათ მიერ იმ ოჯახების მისამართების არგამჟღავნება გახდა, სადაც ”ფიფლმეტრებია” დამონტაჟებული. შემოსავლების სამსახური აცხადებდა, რომ აღნიშნული ტექნიკა კომპანიის ინვენტარიზაციის ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო, თუმცა თი-ვი ემ-არ საქართველოში განმარტავენ, რომ ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, სადაც ”ფიფლმეტრებია” დამონტაჟებული, კონფიდენციალურია.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და მის კლიენტებს შორის არიან 11 ქართული ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტო.