ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლარის გამყარებაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ერთის მხრივ გარე ფაქტორების პოზიტიური ტრენდი ( ექსპორტის ზრდა, ტურისტული სეზონის დაწყება, საბიუჯეტო გადასახადების პეტიოდი-დღგ ) ხელს უწყობს ლარის გამყარების საერთო ფონს, თუმცა მზარდი ინფლაცია და ეროვნული ბანკის შეუსაბამო გადაწყვეტილებები ბუნდოვანს ხდის სამომავლო პერსპექტივას.
ბოლო სამი დღის მანძილზე მკვეთრად იმატა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილმა, რაზეც მოწმობს სახაზინო ნაშთი ფინანსთა სამინისტროს საიტზე:
- საბიუჯეტო დისციპლინისა და სანიმუშო ხარჯვის მეშვეობით მხოლოდ ბოლო 3 დღეში ნაშთი გაიზარდა 808 მლნ ლარიდან 992,5 მლნ ლარამდე ანუ 184 ლნ ლარით არის გაზრდილი;
- საბანკო ოლიგოპოლიის მიერ გალიაში გამომწყვდეული ეროვნული ბანკი აგრძელებს ლარის გამყარების დინების საწინააღმდეგო ცურვას და დღეის მდგომარეობით რეფინანსირების პირამიდით 1,7 მლრდ ლარი აქვს გაცემული ( იმ პირობებში, როდესაც ლარში მის მიერ კომბანკებიდან მოზიდული არსებული რესურსი 300-350 მლნ. ლარს არ აღემატება);
- ანუ სხვაობა ფინანსთა სამინისტროს ნაშთსა და ეროვნული ბანკის რეფინანსირების პირამიდას შორის შეადგენს 700 მლნ. ლარს, რაც წინა კვირის და მთლიანობაში აპრილ- მაისის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 250-300 მლნ ლარით
სწორედ ეს არის ლარის არსებული გამყარების ტრენდის არსი.
კვლავ ვიმეორებ-სანამ ეროვნული ბანკი არ შეწყვეტს რეფინანსირების პირამიდის "მშენებლობას"- ლარის გრძელვადიანი და სტაბილური ტრენდი საფრთხეშია!
18 მაისს ტარდება როგორც 1-კვირიანი, ისე 1-თვიანი რეფინანსირებების აუქციონები და თუ ეროვნულ ბანკს სურს "ინფლაციის მოთოკვა" (copyright კობა გვენეტაძე), უახლოეს დღეებში რეფინანსირების მოცულობა მაქსიმალურად უნდა შეამციროს !" - წერს ასლანიშვილი.