”კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა და მისი განხილვა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. პროექტს დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქალაძე აცნობს. მისი თქმით, ქვეყანაში ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის გატარებისთვის საჭირო გახდა კანონმდებლობის რეფორმირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი კონკურენციის პირობების დანერგვა.

მიქალაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადებაზე ინტენსიური მუშაობა გასული წლიდან მიდის და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირი მონაწილეობდა.

საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას უმცირესობა აპროტესტებს.

"ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტი დღეს პირველად ვნახეთ. ახალმა ინიციატივამ გარკვეული ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე. მან შეიძლება წაახალისოს დადებითი პროცესები, თუმცა უარყოფითი შედეგებიც არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს კარგად გავეცნოთ და განხილვაში მხარეები აქტიურად იყვნენ ჩართული", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.