სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სიტუაცია არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი.
როგორც მობილური ოპერატორების, ასევე ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მუდმივად მაღალი ტარიფებით ოპერირებას მრავალჯერ მოჰყოლია კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანია "ბილაინის" გამოჩენამდე, ტარიფები მუდმივად უცვლელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, "ჯეოსელის" და "მაგთის" მფლობელები შეთანხმებულად, მაღალი მოგების მიზნით აგრძელებდნენ საზოგადოების ჯიბიდან მაქსიმალურად დიდი თანხების ამოღებას. შემდეგ იყო "ბილაინი" და მისი გამოჩენისთანავე ბაზარზე კონკურენციის ნიშნები გაჩნდა, ტარიფებმაც შედარებით დაიკლო და მობილურმა ოპერატორებმაც შეთანხმებული მოქმედებიდან რეალური კონკურენციისკენ დაიწყეს მოქმედება.
ტარიფები შემცირდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ მონოპოლიის ნიშნები გაჩნდა და "მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" შეძენასთან ერთად, კომპანიამ ტარიფებიც გაზარდა და მაქსიმალურ ზედა ზღვარს 24 თეთრს გაუტოლა. როგორც ჩანს, "მაგთიკომის" მფლობელებმა იგრძნეს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდ უფლებებს ფლობდნენ და მაქსიმალური მოგების მიღებაზე ზრუნვაც დაიწყეს. კომპანია "მაგთიკომის" მფლობელი კი, ალბათ, ყველაზე კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, იგი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძეა. თავად ბიზნესი, როგორც ამბობდნენ, ამერიკელების საჩუქარი იყო პრეზიდენტისთვის და "ვარდების რევოლუციის" შემდეგაც სწორედ ამერიკელები იფარავდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის რეკეტის ქვეშ არ მოყოლილიყო. რეკეტი თითქმის ყველა ბიზნესის წარმომადგენელს შეეხო - "მაგთიკომს" არა.
რაც შეეხება მფლობელ კომპანიას, "მაგთიკომის" 51%-ს ფლობს International Telcell Celular LLC, ხოლო 49%-ს Telcell Wreless LLC (თუმცა Telcell Wireless LLC-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის International Telcell Celular LLC). ანუ, ფაქტობრივად, კომპანიას ერთი მფლობელი ჰყავს International Telcell Celular - რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული, საკონტროლო პაკეტის, ანუ 51%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯოხთაბერიძეა, კომპანიაში წილს ფლობს ასევე პატარკაციშვილების ოჯახი.
რაც შეეცება კომპანია "ჯეოსელს", მისი მფლობელი წლების მანძილზე იყო "თელია სონერა", თუმცა შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოდან გასვლა და კომპანიის გაყიდვა. "ჯეოსელის" 100.00%-იან წილს ფლობს კომპანია Gurtel Telekomunikasyon Yatiri Dis Ticaret A.S. - რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
კომპანია "მობიტელი", ანუ იგივე "ბილაინის" მფლობელი სამივე კომპანია დიდ ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორშია რეგისტრირებული.
როგორც ვხედავთ, სამივე მსხვილი მობილური ოპერატორი უცხოეთშია რეგისტრირებული და თანხების განკარგვა უცხოური ბანკების ანგარიშებზე ხდება. შესაბამისად, კომპანიების მიერ მიღებული ფული ქვეყნის ეკონომიკიდან აქტიურად გაედინება.
მსგავსი სიტუაციაა ინტერნეტ ბაზარზეც. ბაზრის ორივე ძირითადი მოთამაშე "სილქნეტიც" და "კავკასუს ონლაინიც" ოფშორებშია რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელს ამჟამად "მაგთიკომი" ფლობს, ხოლო საბითუმო ქსელი კვლავ ძველ მფლობელებს რჩებათ.
კომპანია "სილქნეტის" 100%-იან წილს ფლობს Rhinestream Holdings Limited, რომელიც რეგისტრირებულია მალტაში. კომპანია Rhinestream Holdings Limited-ის წილის მფლობელები - 1.61.9% - გიორგი რამიშვილი, 28,58% - ალექსი თოფურია, 9,51% - დევიდ ფრანც ბორგერი.
როგორც მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ყველა მსხვილი კომპანია უცხოეთშია რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, მათ ქართველი მფლობელები ჰყავთ თუ უცხოელები. ბუნებრივია, საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს მსგავს საქმიანობას, თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ის უდიდესი შემოსავლები, რასაც კომპანიები იღებენ, უცხოური ბანკების ანგარიშებზე ილექება და, ძირითადად, ძალიან მცირე მოცულობით უბრუნდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ბიზნესის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით კი ქვეყანა ვერ განვითარდება. თუკი ყველა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელმა საკუთარი კომპანია უცხოეთში დაარეგისტრირა, ხელი არ შეუწყო ქვეყანაში დოვლათის შექმნას და მიღებული შემოსავალი ქვეყანაში არ დატოვა, მაშინ საქართველოს ეკონომიკა სათანადოდ არასდროს განვითარდება, ქვეყნის მოსახლეობა მუდმივად მძიმე მდგომარეობაში იქნება და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას შეეწყობა ხელი.
გიორგი კაპანაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"