ფრანგულმა კომპანია „შანელმა“ საკუთარი ბრენდის ბუმერანგი გამოუშვა, რომელიც 1500 დოლარი ღირს.
პროდუქტი „შანელის“ საიტზე აქსესუარების განყოფილებაშია განთავსებული.
„შანელის“ ბუმერანგმა ავსტრალიელი აბორიგენების დამცველი ორგანიზაცია Indigenous Art Code-ის აღშფოთება გამოიწვია.
„ეს აბორიგენული კულტურის შეურაცხყოფაა. ჩემთვის გაუგებარია, რით განსხვავდება „შანელის“ ბუმერანგი იაფფასიანი ბუმერანგისგან, რომლის ყიდვაც ყველგან შეიძლება. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ძვირადღირებული ვერსიაა“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაბრიელა სალივანმა.
Indigenous Art Code უკვე რამდენმე წელია ავსტრალიში ყალბი ავსტრალიური არტეფაქტების, მათ შორის ბუმერანგისა და მუსიკალური ინსტრუმენტის დიჯირიდუს შეტანის აღკვეთას ლობირებს.
„შანელის“ ახალ პროდუქტს სოციალურ ქსელებში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით კი ფრანგულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „შანელი“ პატივს სცემს ყველა კულტურას. მიუხედავად ამისა, ტრადიციული არტეფაქტების მასიური წარმოების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „შანელმა“ უნდა მოიბოდიშოს და ბუმერანგის გაყიდვიდან მიღებული მოგება სწორედ ასეთ ორგანიზაციებს გადაურიცხოს.