პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლითაც ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
საუბარია, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უკვე წარუდგინა. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი არიან.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა კი ფიზიკური პირის - 150 ლარით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით დაჯარიმებას.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს.
ამასთან, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2018 წლის 1-ელი აპრილიდან კი ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემათ.