ნატო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული ინტერნეტ-რესურსების ბლოკირება უსაფრთხოების საკითხს და არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება

ნატო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული ინტერნეტ-რესურსების ბლოკირება უსაფრთხოების საკითხს და არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება.

„უკრაინის მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება უსაფრთხოების და არა სიტყვის თავისუფლების საკითხს. ნატო უკრაინასთან ერთად მუშაობს რეფორმების გაძლიერების კუთხით, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. პრესის თავისუფლება ამ დიალოგის ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ერთგულია“, - განაცხადა ნატო-ს პრესსამსახურმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, სანქციები დაუწესდა რუსულ სოციალურ ქსელებს - „ვკონტაკტე“ და „ოდნოკლასნიკი“. ასევე, სანქციები შეეხო კომპანია Mail.ru-ს და ”იანდექსს” და მათ სერვერებს.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, უკრაინაში ინტერნეტ-პროვაიდერებს ეკრძალებათ აღნიშნულ ინტერნეტ-რესურსებზე მომხმარებლებისთვის წვდომის უზრუნველყოფა. სანქციები 3 წლითაა დაწესებული.