შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ მიღებული წერილის საპასუხოდ კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენთვის გაუგებარია „იმედის“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“ მოთხოვნები. „რუსთავი 2“-მა განმარტა რომ ისინი ითხოვენ საფასურს „გადახვევა-დაპაუზების“ შესაძლებლობის მქონე საკაბელოებისგან, ანუ „სილქნეტისა“ და „მაგთიკომისგან“. „ტელეიმედის“ მიერ არხების ტრანზიტის შესახებ სრულიად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება მოხდა, რაც საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიას ეხება. ხოლო „მედია რაითს ჯორჯიას“ და „მაესტროს“ დირექტორის ზურაბ ნაყეურის განცხადებით ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საკაბელო ტელევიზიებს.
თუმცა ჩვენთვის გაუგებარია რაზე უნდა შედგეს მოლაპარაკება, როდესაც მათ მიერ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. გვინდა დავიჯეროთ, რომ ზურაბ ნაყეურის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მოითხოვდა 20 მაისამდე მოლაპარაკებას, სხვა შემთხვევაში 1 ივნისიდან ქართული არხების გათიშვას „შეგვპირდა“ გაუგებრობა იყო.
ჩვენთვის აუცილებელია გვესმოდეს კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნა. ასევე გაუგებარია რატომ გამოიწვია გაკვირვება სილქნეტის მიერ ამ ინფორმაციის აბონენტებისთვის შეტყობინებამ, იმ პირობებში, როდესაც სილქნეტს ევალება მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების თაობაზე წინასწარ აცნობოს აბონენტებს.
ამასთან, გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოში ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევის გამო, კომპანიას შეუმცირდა მოგების მაჩვენებელი, ხოლო დამატებითი ხარჯები აუცილებლად გამოიწვევს ტარიფის ცვლილებას.
სილქნეტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და იმედს ვიტოვებ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის შედგება ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი და მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორ მხარეთა კომერციული ინტერესები, ასევე აბონენტების ფინანსური შესაძლებლობები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შპს GMR-მა საკაბელო ოპერატორებსა და ინტერნეტ-საიტებს 28 აპრილს გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული შპს ახლო მომავალში "რუსთავი 2"-სგან, "იმედისგან", GDS-სგან, "მაესტროსგან", "კომედი არხისა" და "მარაოსგან" დაირეგისტრირებს ექსკლუზიურ უფლებას, რომლითაც საკაბელო ქსელებსა და ინტერნეტში აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია შეეძლება.
აღნიშნულის შესახებ, აბონენტებს ინფორმაცია „სილქნეტმა“15 მაისს შეტყობინების სახით გაუგზავნა.
„გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება პაკეტის ღირებულება გააძვიროს,“-ატყობინებდა კომპანია მომხმარებლებს.