სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.
ბიზნესფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა. ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებები გამართონ.
ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია, ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია, დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.
ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატა (WKO) უწევენ. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ისაუბრებენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა საქართველოში აღმშენებლობისა და განვითარებისთვის საინვესტიციო აქტივობებზე ისაუბრებს.