გაძვირდება თუ არა ლუდი?

საქართველოში ლუდის აქციზის გამოთვლის წესი კიდევ ერთხელ იცვლება: საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 60 თეთრია. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებით კი, ალკოჰოლის ყოველი პროცენტი 12 თეთრით დაიბეგრება. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ლუდის აქციზი 2015 წლის 1 მარტს 50%-ით გაზარდა, რამაც ლუდის რეალიზაციის შემცირება გამოიწვია. ამიტომ, 2016 წელს ფინანსთა სამინისტრომ და ლუდის მწარმოებლებმა აქციზის გამოთვლის ახალ წესზე დაიწყეს მოლაპარაკება.

რა ხდება ამჟამად ლუდის ქართულ ბაზარზე? - დღეს ამ ბაზარზე არსებული ლუდის ძირითადი ნაწილის ალკოჰოლის დონე 5%-ია, შესაბამისად მათთვის აქციზის ფასი 60 თეთრია, ეს ნიშნავს, რომ ამ ლუდზე აქციზი უცვლელია. თუმცა, უფრო ალკოჰოლური ლუდების შემთხვევაში აქციზის გადასახადი გაიზრდება. მაგალითად 8%-იანი ალკოჰოლის შემცველი ლუდისთვის აქციზის გადასახადი 96 თეთრი იქნება, რაც სავარაუდოდ ამ ლუდის ღირებულებას გააძვირებს. ქართულ ბაზარზე 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ლუდებიც გვხდება, თუმცა მათში ალკოჰოლის შემცველობა 4%-ზე ნაკლები არაა. ამ ლუდებისთვის აქციზის გადასახადი 12 თეთრით შემცირდება. ამ ცვლილების შეფასება „ბიზნესპრესნიუსმა“ ლუდის მწარმოებლებს სთხოვა.

„ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის განცხადებით, ცვლილებები პროდუქციის გაძვირებას არ გამოიწვევს.

„შემიძლია ლუდის მოყვარულები დავამშვიდო, რადგან ეს ცვლილებები პროდუქციის გაძვირებას არ გამოიწვევს. ახალი რეგულაციის მიხედვით აქციზის ფასი გაიზრდება ალკოჰოლის შემცველობის თითოეულ პროცენტზე. შესაბამისად, თუ დაბალალკოჰოლურ ლუდს ვაწარმოებთ, აქციზის ფასიც შემცირდება. ეს იქნება სტიმული, რომ ლუდის მწარმოებლებმა ძირითადად დაბალალკოჰოლური ლუდი აწარმოონ. ამჟამად საქართველოში ძირითადად 5%-იანი ლუდები მზადდება. ჩვენი კომპანია მაღალალკოჰოლურ ლუდს არ აწარმოებს, ჩვენც, ძირითადად, 5%-იან ლუდს ვაწარმოებთ და მხოლოდ ახლახან დავიწყეთ დაბალალკოჰოლური ლუდის წარმოება“, - აღნიშნავს კახაბერ კოტრიკაძე.

„ქართული ლუდის კომპანიის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მაღალალკოჰოლური ლუდი საქართველოში ისედაც მცირე რაოდენობით იყიდება, რადგან მასზე მოთხოვნა მცირეა. ამიტომ ლუდის ინდუსტრიას წარმოება არ გაუძვირდება, რადგან ლუდის ძირითად მასაზე პროცენტი არ იზრდება.

„პირიქით, ლუდის კომპანიებს სტიმული გაუჩნდებათ, რომ მომხმარებელს უფრო მეტი დაბალალკოჰოლური ლუდი შესთავაზონ. ასე რომ, ფასების მხრივ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს კახაბერ კოტრიკაძე.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა ხელმძღვანელი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი კი იმედს გამოთქვამს, რომ რეგულაცია ძალაში ივნისიდან შევა.

„ეს საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შეტანილია. 27 აპრილს დარეგისტრირდა, ახლა კი ველოდებით, რომ კომიტეტებში განიხილავენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ რეგულაციას 1 ივნისამდე მიიღებენ. აქციზის სტრუქტურის შეცვლა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნის მიხედვით უნდა მოხდეს. აქციზის გადასახადი ალკოჰოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დაბალალკოჰოლური ე.წ. ლაითი ლუდის წარმოება გავზარდოთ. ჩვენ მაღალალაკოჰოლურ ლუდსაც ვაწარმოებთ, რომელიც გაძვირდება, თუმცა მისი წილი კომპანიის პორტფელში ძალიან მცირეა. 2015 წელს, როცა აქციზის გადასახადი 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა, საქმე ძალიან გაგვირთულდა. 2015 წელს ლუდის ინდუსტრიამ დაახლოებით 30 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო. ვითხოვდით აქციზის დაწევას, რასაც ვერ მივაღწიეთ, ახლა კი, გადასახადს ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით თუ გადავიხდით, ლუდის ინდუსტრია რაღაც შეღავათს მაინც მიიღებს. ეს ცვლილება ერთი წლის წინ რომ ამოქმედებულიყო, ჩვენ უფრო მეტი თანხა დაგვრჩებოდა რეინვესტირებისთვის“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისი აზრით, ახალი რეგულაცია ლუდის ინდუსტრიის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„მაღალალაკოჰოლური ლუდის რაოდენობა საქართველოში ისედაც ძალიან მცირეა. ამ ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მეწარმემ დაბალალკოჰოლური ლუდი აწარმოოს. ჩვენი მოტივაცია ამ მიმართულებით გაიზრდება, რადგან მასში უფრო ნაკლებ გადასახადს გადავიხდით. ბოლო ხანებში ლუდის ინდუსტრია საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყო, ამ ცვლილებამ კი საფუძვლიანი იმედი მოგვცა, რომ დაკარგულ პოზიციებს 2018 წლიდან მაინც დავიბრუნებთ“, - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე