რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზის დასაკავებლად ორი კომპანია იბრძოლებს

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა.

საკონკურსო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ შეტანილი საკონკურსო პაკეტები განიხილა. როგორც გაირკვა, განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია მხოლოდ სამმა სატრანსპორტო კომპანიამ - შპს ,,ინტერტრანსმა", ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ" და ,,საქართველოს სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანეს, თუმცა ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა საკონკურსო პაკეტების გახსნამდე, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში კონკურენციას ერთმანეთს ,,ინტერტრანსი" და ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო" გაუწევენ. ,,ინტერტრანსმა" განაცხადი თერთმეტივე ლოტზე შეიტანა, ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ" კი - სამ ლოტზე.

როგორც ,,ინტერტრანსის" დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ლომიძემ განაცხადა, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია არსებულ ხაზებზე დღეისთვის დასაქმებული მძღოლებისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნების ვალდებულებას კისრულობს. ამასთან, კომპანია აპირებს არ შეცვალოს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე დღეისთვის დადგენილი ტარიფი.

,,ჩვენ გვყავს "ფორდ ტრანზიტის" ფირმის ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები. მანქანები არის აღჭურვილი ჯი–პი–ეს სანავიგაციო სისტემებით, ასევე ელექტრონული გადახდის აპარატებით. მგზავრებს შევუქმნით ყველანაირ კომფორტს იმისათვის, რომ უსაფრთხოდ და მშვიდად იმგზავრონ", - განაცხადა ზაზა ლომიძემ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კომპანიას ყვითელი მიკროავტობუსები წინასწარ ჰყავდა შეძენილი და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსისთვის ამზადებდა.

"ეს ტყუილია. ჩვენი ჯგუფის საკუთრებაშია გლდანში აშენებული ახალი ავტოსადგური და ამ ავტოსადგურისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის შემოვიყვანეთ ეს მანქანები. შემდეგ ჩატარდა რუსთავში კონკურსი და აქაც ვიღებთ მონაწილეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი სადმე ჩვენი კომპანიისათვის მისაღები პირობები იქნება, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან სერიოზულად ვაპირებთ ტრანსპორტის განვითარებას მთელ საქართველოში", - განაცხადა ზაზა ლომიძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებიდან კონკურსში მონაწილეობა არც ერთმა არ მიიღო. ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელები და ე.წ. ხაზების მეპატრონეები კონკურსის გაუქმებას და მინიმუმ სამი წლით გადაწევას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით მერიის წინ აქციები პერმანენტულად იმართება. მერიაში კი აცხადებენ, რომ კონკურსი კანონის სრული დაცვით ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო.

კომისია საკონკურსო პაკეტებს თვის ბოლომდე შეისწავლის და გამარჯვებულს 31 მარტს დაასახელებს.